
1,2–წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ძაღლი ცემით მოკლა
02/08/2024 14:03:44 სამართალი, საზოგადოება
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდებულმა 2023 წლის 6 დეკემბერს ძაღლს ჯოხით სცემა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ცხოველი დაიღუპა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მოხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან ერთ თვეში, 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს – მას შემდეგ, რაც ძალადობის ამსახველი მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) ცნო.