
"დავბრუნდებით!": გაცვლის შედეგად გათავისუფლებული რუსი პოლიტიკოსები ყვებიან, რომ უკანონოდ გააძევეს რუსეთიდან
02/08/2024 17:59:16 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი, ყოფილი პოლიტპატიმარი ილია იაშინი, რომელიც გერმანიაში აღმოჩნდა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების მასშტაბური გასვლის შედეგად, ამბობს, რომ ეს არა გაცვლა, არამედ ქვეყნიდან უკანონოდ გასახლებაა. ამის შესახებ მან გერმანიაში, ბონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ის იხსენებს, რომ გაცვლამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან ციხის უფროსი იმყოფებოდა და სთავაზობდა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე შეწყალების დაწერას, "პოლიტიკური პროცესები მიდისო". იაშინი ამბობს, რომ ციხის უფროსი უარით გაისტუმრა, თუმცა გრძელდებოდა მასთან მსგავსი წინადადებით ვიზიტები. ხოლო მას შემდეგ, რაც კატეგორიული უარი თქვა, ვლადიმირ პუტინისთვის შეწყალების თხოვნაზე, (ბრალის აღიარებით თუ მის გარეშე), რადგან მას რუსეთის მტრად და სამხედრო დამნაშავედ, ტირანად მიიჩნევს, მისი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა მოსკოვში.
"ეს სპეცოპერაცია იყო",– იხსენებს რუსი პოლიტიკოსი.
ის ამბობს, რომ როდესაც გაცვლის წინა დღეს გაერკვა ვითარებაში, მან დაწერა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აფიქსირებდა საკუთარ წინააღმდეგობას. კერძოდ, წინააღმდეგი იყო რუსეთის დატოვების და რომ კანონის მიხედვით, დაუშვებელია რუსეთის მოქალაქის გაძევება მისი დაბადებს ადგილიდან მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ.
"რაც ჩემთა მიმართებაში მოხდა, არ განვიხილავ როგორც გაცვლას, განვიხილავ როგორც ჩემს უკანონოდ გაძევებას რუსეთიდან. გულწრფელად გეტყვით, გეტყვით ისე, როგორც არის – ყველაზე მეტად მე მსურს სახლში დაბრუნება. როდესაც გერმანიაში აღმოვჩნდი, ჩემი პირველივე სურვილი იყო, მყისიერად წასულიყავი აეროპორტში და დავბრუნებულიყავი რუსეთში",– თქვა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ ეს კარგად იცოდნენ ეფესბე–ს თანამშრომლებმა, რომლებიც აცილებდნენ:
"ერთ–ერთმა პირდაპირ მითხრა: "რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია რუსეთში დაბრუნება, როგორც ნავალნის, შენ დაგაკავებენ, როგორც ნავალნის და დაასრულებ ისე, როგორც ნავალნიო" [ნავალნი რუსულ ციხეში დაიღუპა]. მაგრამ ეს არაა ყველაზე საშინელი, საშინელებაა ის, რომ მე ძალიან მკაფიოდ გამაგებინეს – ჩემი დაბრუნება გამორიცხავს პოლიტპატიმრების ყოველგვარ გაცვლას პერსპექტივაში. გამაგებინეს, რომ ჩემი დაბრუნება გააძლიერებს რადიკალების პოზიციას, რომლებიც ამბობენ, რომ შოლცმა შეცდომა დაუშვა, რომ მკვლელების გათავისუფლება არ შეიძლება – და მათ ცხადია, აქვთ არგუმენტები. იტყვიან, "მკვლელი გავუშვით, იაშინმა კი პუტინის ციხიდან გამოსვლა ვერ მოასწრო, გაანულა მომლაპარაკებელთა შანსები".
ის ამბობს, რომ რამდენიმე პოლიტპატიმარი სიიდან ბოლო მომენტში ამოიღეს და ისინი ტყვეებად რჩებიან:
"მესმის, რომ მეც მაკისრია პასუხისმგებლობა ჩემი მეგობრების ბედის გამო. ემოციური თვალსაზრისით ეს უბრალოდ აუტანელია! მანიპულაცია, რაც კრემლმა მოაწყო, დაცინვაა! ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ჩემი ქვეყნიდან არსად მივდივარ, ყოველგვარი კანონის გარეშე მოისროლეს ქვეყნიდან, ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ გამოხსნა და აქ უნდა ისხდნენ ახლა, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და შესაძლოა დაიხოცონ ციხეში, ტოვებენ და აგრძელებენ მათ წამებას – ეს აუტანელია!".
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ის ამბობს, რომ იაზრებს პასუხისმგებლობას, რომ მისი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს ემოციური, უნდა იბრძოლოს პოლიტპატიმრების განსათავისუფლებლად, მაგრამ ხაზს უსვამს – "არასდროს შევეგუები ემიგრანტის ამპლუას! ჩემი მიზანია , დავბრუნდე რუსეთში! მე რუსეთის მოქალაქე ვარ, რუსი პოლიტიკოსი, რუსი პატრიოტი. ჩემი მიზანი თავისუფალი, მშვიდობიანი, განვითარებული და ბედნიერი რუსეთია! ჩემი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ სამშობლო დავიბრუნო".
ანალოგიური ისტორია აქვს კიდევ ერთ რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა–მურზას. ის ამბობს, რომ შეწყალების თხოვნით მიმართვაზე და რომ მოულოდნელად გვიან ღამით გაიყვანეს საკნიდან, "მეგონა, დასახვრეტად მივყავდი – ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია".
ისიც მიუთითებს კანონზე, რომ ნების საწინააღმდეგოდ რუსეთის მოქალაქის გასახლება დაუშვებელია და რომ თითოეულ მათგანს აცილებდა ეფესბე–ს ოფიცერი გაცვლისას.
"ჩემმა გამცილებელმა ოფიცერმა, როდესაც თვითმფრინავი აფრინდა, მითხრა, "ფანჯარაში გაიხედე, უკანასკნელად უყურებ სამშობლოს". გამეცინა... ვუთხარი, "ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რომ სამშობლოში დავბრუნდები და რომ ეს გაცილებით მალე მოხდება, ვიდე გგონიათ".
"დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი პუტინის ციხეში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერასდროს ვნახავდი ოჯახს. ყველაფერი ეს სურეალისტურია. არცერთმა ჩვენგანმა არაფერი იცოდა. ეს გავიაზრე მხოლოდ გუშინ დილით, როდესაც ავტობუსში ჩამსვეს და დავინახე ჩემი მეგობარი და კოლეგა – ანდრეი [პოლიტპატიმარი, რომელიც ასევე გაცვლის შედეგად გათავისუფლდა] თავის გამცილებელთან და ილია თავისი თანმხლებით".
მან დასძინა, რომ ეს გაცვლა წვეთია ოკეანეში, რადგან ათასობით უდანაშაულო ადამიანი ექვემდებარება "ტანჯვას პუტინის ციხეში": "მათი ერთადერთი "დანაშაული" ისაა, რომ სიმართლე თქვეს – პუტინის ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ".