Accentnews.ge
ბრიტანეთში გამოსვლები გრძელდება, დაკავებულია 150-მდე პირი

ბრიტანეთში გამოსვლები გრძელდება, დაკავებულია 150-მდე პირი

05/08/2024 06:15:44 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ქალაქებში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება. პოლიციის ცნობით, დაკავებულია მასობრივი არეულობების 147 მონაწილე.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს "ორგანიზებული ძალადობა" უწოდა და განაცხადა, რომ არეულობების მონაწილეებს კანონით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ პასუხს მოსთხოვენ.

აქციები, რომლებიც დიდწილად ძალადობაში გადადის, მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივლისს დანით შეიარაღებულმა პირმა ბავშვთა ცეკვის სტუდიაში სამი გოგო მოკლა და კიდევ რვა ბავშვი დაჭრა. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავა.

მასობრივ არეულობებს სათავე დაუდო თავდასხმიდან მალევე სოციალური ქსელებით გავრცელებულმა ცნობებმა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმია. საუთპორტის პოლიციამ ამ ცნობას ძალადობისთვის გამოყენებული სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უელსში, ქალაქ კარდიფშია დაბადებული.

გუშინ არეულობები და პოლიციასთან დაპირისპირება იყო მანჩესტერში, ბრისტოლში, ლივერპულში, ბელფასტსა და სხვა ქალაქებში. პარალელურად რამდენიმე ქალაქში გაიმართა ანტიფაშისტური მოძრაობების წარმომადგენელთა აქციები.

ქალაქ საუთპორტში ბავშვების მკლელობის შემდეგ დაკავებულ 17 წლის ბიჭს ბრალი ოფიციალურად 1 აგვისტოს, ლივერპულის სასამართლოში წაუყენეს.

ეჭვმიტანილი 2006 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ კარდიფში დაბადებული აქსელ მუგანვა რუდაკუბანია. მისი ოჯახი წარმოშობით რუანდიდანაა. თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S