Accentnews.ge
თბილისში დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე: "აზერბაიჯანის მხარეს სურს, აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას"

თბილისში დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე: "აზერბაიჯანის მხარეს სურს, აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას"

05/08/2024 08:57:03 საზოგადოება

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორის აფგან სადიგოვის მეუღლე სევინჩ სადიგოვა, აცხადებს, რომ "აზერბაიჯანის მხარეს სურს, აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას".

"ჩემი მეუღლე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა 15-მა პირმა ძალის გამოყენებით აიყვანა. აზერბაიჯანიდან სწორედ იმიტომ წამოვედით, რომ იქ გვემუქრებოდნენ და ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ახლა უკვე აქ გვეშინია. აზერბაიჯანის მხარეს უნდა რომ აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას. როგორ შეიძლება არასამუშაო დღეს სასამართლო პროცესის ჩატარება?! ის როგორც დამნაშავე, ხელბორკილებით მიიყვანეს. ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის შეკვეთა და მას ქართული მხარე ასრულებს. აფგანი არ არის დამნაშავე. აზერბაიჯანში 2-ჯერ პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული. ის ელექტროშოკით აწამეს", - აცხადებს, "მთავარ არხთან" საუბრისას სადიგოვა.

4 აგვისტოს აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, სადიგოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღძრული საქმის მიხედვით, ბრალად ედება ადამიანებისგან შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით.

დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ გაავრცელა. სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და ორი კვირის წინ მისი დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ქვეყნიდან არ გაუშვეს.

პროკურატურა მის პატიმრობას გაქცევის საფრთხის გამო ითხოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S