
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ყველაფერს, რაც ანელებს ტოტალურ რუსულ სამხედრო მანქანას, ექნება რიგითი ლიეტუველების მხარდაჭერა
05/08/2024 09:17:15 ციტატა
"მე ვხედავ უბრალო რუს დედებს, რომლებიც ემშვიდობებიან თავიანთ უბრალო რუს შვილებს, უსურვებენ წარმატებებს მათ უბრალო რუსულ სამხედრო დანაშაულებში. ვხედავ, ჩვეულებრივ რუს მშობლებს, რომლებიც სამხედრო ფორმას აცმევენ შვილებს და მუყაოს ტანკებზე ხატავენ ასო Z-ს. ვხედავ, ჩვეულებრივ რუსებს ქალაქის მოედანებზე, რომლებიც Z ასოთი დგანან. ჩვეულებრივი რუსეთი ავად არის. განკურნება იქნება ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა არა მხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთი დამარცხდება. [...] ყველაფერს, რაც ანელებს ტოტალურ რუსულ სამხედრო მანქანას, ექნება რიგითი ლიეტუველების მხარდაჭერა", – ასე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსი ოპოზიციონერის ვლადიმერ კარა-მურზას განცხადებას.
2 აგვისტოს რუსმა ოპოზიციონერმა ვლადიმერ კარა-მურზამ Deutsche Welle-ს ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ "დასავლური სანქციები ხშირად მიმართულია არა პუტინის რეჟიმის, არამედ ყველა რუსის წინააღმდეგ", რაც, მისი თქმით, "უსამართლო და კონტრპროდუქტიულია".