
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი: სააკაშვილისთვის პალატის შეცვლით მისთვის პირობები არ შეცვლილა
05/08/2024 10:03:30 პოლიტიკა
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ "ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პალატის შეცვლით მისთვის პირობები არ შეცვლილა".
“შეიცვალა პალატა კლინიკაში დეპარტამენტების დამატების გამო. პირობები არ გაუარესებულა, გაუმჯობესებულ პირობებშია გადაყვანილი - თუ აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში”, – განუცხადა მან "რადიო თავისუფლებას".
ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, "პალატის შეცვლის აუცილებლობაზე მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი წინასწარ, ერთი თვით ადრე, იყვნენ ინფორმირებული".
"აბსოლუტურად უსაფუძვლოა, თითქოს არ იცოდა და ისე გაუფრთხილებლად გადაიყვანეს. ერთ თვეზე მეტია, დედა-შვილი საქმის კურსშია გადაყვანასთან დაკავშირებით”. რაც შეეხება კლინიკაში მისი ყოფნის აუცილებლობას, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ "გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, [სააკაშვილს] კლინიკაში ყოფნა ესაჭიროება. რას ამბობენ მისი მხარდამჭერები ამაზე, ვერაფერს გეტყვით და ეს მე ნაკლებად მაინტერესებს”, - განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ "რადიო თავისუფლებას" სააკაშვილის გუნდის წევრების მიერ გამოთქმული ვარაუდის საპასუხოდ, რომლის თანახმად, პალატის შეცლა შესაძლოა, ექს–პრეზიდენტის საპატიმროში გადასაყვანად მზადებას უკავშირდება.
რაც შეხება ტელევიზიისადმი ხელმისაწვდომობას, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ "იყო ტექნიკური პრობლემა, რომელიც მოგვარებულია":
“სახლშიც შეიძლება ინტერნეტი გაითიშოს ერთი და ორი საათით. ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ატყდა ეს ხმაური? გამოსწორდა ეს ხარვეზი - ჩართულია ინტერნეტიც და ტელევიზიაც“.
რაც შეეხება სავარჯიშო ტრენაჟორებს, "ვივამედის" კლინიკური დირექტორის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ელოდებიან, რეაბილიტოლოგის დასკვნის საფუძველზე.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. იგი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.