
„ევოლუშენი“ საქართველოში მუშაობას დროებით აჩერებს
05/08/2024 11:18:46 საზოგადოება
„ევოლუშენ საქართველო“ მუშაობას დროებით აჩერებს.
კომპანია ამ გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტით გამოწვეული შედეგებით ხსნის.
„პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა. თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ევოლუშენი“ კომპანიაა, რომელიც კაზინოებს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს.
„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებსაც თანამშრომლების დაცინვაში ადანაშაულებდნენ.