05-08-2024 19:15:00 საზოგადოება ,სამართალი
ვიტალი გუგუჩიას ცოლის მირანდა ჯობავას განცხადებით, მის მეუღლეს ზუგდიდის პროკურატურა ბრალს ორი მუხლით უყენებს.
როგორც ჯობავა სოციალურ ქსელში წერს, გუგუჩიას PosTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებიან.
გეგუჩია და მისი ცოლი მირანადა ჯობავა საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა მათ თავიანთი მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.
28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება დაიწყეს, მათ ერთ-ერთმა აქტივისტმა ქუჩაში მონა დაუძახა. ამ დროს გაბრაზებული დეპუტატი ჯაფარიძე ავტომობილიდან გადმოვიდა, გეგუჩიას და მისი ცოლის მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხალი აიღო და ამ მოქალაქეს ესროლა. მომდევნო დღეს, უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. პასუხად, მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“.
31 მაისს სამეგრელოში ვიტალი გეგუჩიას სახლთან მივიდნენ ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზია PosTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გეგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.
ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნება: „[...] ხელის ბიჭი ხარ“, - რაზეც გუგუჩია პასუხობს: „რუსების პრობლემა იცი რა არის, საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“. ამის შემდეგ გეგუჩია ბერიძეს და მის ოპერატორს აგინებს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.