"ინფორმაცია, რომ საქართველოში ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა, არ დასტურდება"

23-01-2020 18:20:57 საზოგადოება

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა,– შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.

„რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ახალგაზრდა 19 იანვარს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, თუმცა შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს. უკვე 22 იანვარს ქალი ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსების ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები