ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს ხორცით ვერ ამარაგებენ

23-01-2020 19:22:26 საზოგადოება

ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები ხორცით მომზადებული საკვების გარეშე დარჩნენ. მუნიციპალიტეტის 22 დაწესებულებას საქონლის და ქათმის ხორცი რამდენიმე დღეა არ მიეწოდება.

ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაზა ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ, რომელმაც ტენდერში დაბალი ფასის გამო გაიმარჯვა, ელექტრონულ სისტემაში არ ატვირთა საჭირო დოკუმენტები და მასთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდა.

ზაზა ზაუტაშვილის ინფორმაციით, ტენდერში მეორე კომპანიაც მონაწილეობდა და ახლა მასთან ცდილობენ ხელშეკრულების გაფორმებას. თუ შეთანხმება შედგა, როგორც ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ხორცს ორშაბათიდან შეიტანენ, სხვა შემთხვევაში კი, პროდუქტს გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით შეიძენენ და პარალელურად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, სადაც 1300-მდე აღსაზრდელია, ზამთრის არდადეგები 20 იანვარს დასრულდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები