ვის შეხვდა ომბუდსმენი "მატროსოვის ციხეში"

23-01-2020 20:40:20 პოლიტიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.

დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა",– იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

სახალხო დამცველმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა არ დააზუსტა, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა შეხვედრა. მოტოვად ომბუდსმენი იმ გარემოებას ასახელებს, რომ არ აქვს პატიმრებისგან შესაბამისი თანხმობა აღებული და არ იცის, სურთ თუ არა მათ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროება.

მისივე თქმით, შეხვედრა შედგა თავად პატიმრების თხოვნით და ვინაიდან მომავალ კვირას საზღვარგარეთ მიემგზავრება შეხვედრაზე, არ სურდა, შეხვედრა დიდი ხნით გადადებულიყო.

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ეს იყო რიგითი ვიზიტი.

ამასთან, ომბუდსმენმა გაკვირვება გახატა, რომ საპატიმროდან გამოსულს ჟურნალისტები დახვდნენ და გამოთქვა ეჭვი, რომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სწორედ სასჯელაღსრულების უწყებამ გაავრცელა, ხოლო ამის მიზანი მისთვის გაუგებარია.

"ფაქტია, რომ ჩემი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ამ დაწესებულებიდან გავიდა, მე რომ მქონოდა სურვილი საჯაროობის ამას ვიტყოდი და სამწუხაროდ, როგორც ჩანს სახალხო დამცველის ვიზიტი კონფიდენციალურად არ ინახება. რამოდენიმე ადამიანს შევხვდი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ვანო მერაბიშვილი, თუ ბაჩო ახალაია. რომ მქონოდა სურვილი, ვის ვხვდები და რატომ ვხვდები ამას ვიტყოდი. მე ვწყვეტ რატომ, როდის და სად მოვიდე; აქ პატიმრების სურვილით მოვედი, კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, რადგან თავად პატიმრებს სურთ ასე. ჩემზე არ არის დამოკიდებული ეს. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, იყო სურვილი, რომ მოვსულიყავი და მოვედი. არ ვთვლი საჭიროდ,რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე", - განაცხადა ლომჯარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები