
გაეროს თქმით, ღაზაში მათი ოფისის 9 თანამშრომელი შესაძლოა, "ჰამასის" თავდასხმაში მონაწილეობდა
06/08/2024 12:50:34 მსოფლიო
გაერომ განაცხადა, რომ პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს (UNRWA) ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი შესაძლოა ჩართული ყოფილიყვნენ 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმაში.
გაეროს გენერალური მდივნის სამსახურს არ დაუკონკრეტებია UNRWA-ს თანამშრომლების სავარაუდო როლი თავდასხმაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ცხრა თანამშრომლიდან შვიდი ადრე იყო გათავისუფლებული ამავე ეჭვის გამო.
გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა UNRWA-ს თანამშრომლების "ჰამასთან" აფილიაციის საქმის გამოძიებას უღირსი უწოდა და თქვა, რომ რეალურად, ჰამასთან გაეროს ათასობით თანამშრომელი იყო დაკავშირებული. ერდანის თქმით, ისრაელმა გაეროს დეტალური ინფორმაცია და მტკიცებულებები 100 თანამშრომელზე მიაწოდა, მათ კი გამოძიება მხოლოდ 19 მათგანზე დაიწყეს.
გამოძიება ამ საქმეზე 2024 წლის იანვარში დაიწყო, როცა ისრაელმა გაასაჯაროვა მტკიცებულებები და ბრალდება, რომ გაეროს თანამშრომლები "ჰამასის" წევრები იყვნენ. იანვარში გამოძიება 9 თანამშრომელზე დაიწყო, ხოლო 12 თანამშრომელზე საქმე მოგვიანებით, მარტში გახსნეს. 26 იანვარს გაეროს ღაზის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ისრაელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თანამშრომლები გაათავისუფლეს, რომელთა რაოდენობასაც არ ასახელებდნენ.