გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

06-08-2024 16:57:55 საზოგადოება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 5000– ლარიანი გირაო შეუფარდა სასურსათო მაღაზიის მფლობელ ვიტალი გუგუჩიას. მას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებიან. მას პროკურატურამ ბრალი 5 აგვისტოს წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

თავად ვიტალი გუგუჩია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ PosTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი ბესიკ დვალიძე 31 მაისს მასთან სახლში პროვოკაციის მოსაწყობად მივიდნენ.

ის დარწმუნებულია, რომ ბრალდება საარჩევნოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ისახავს მიზნად:

„ეს არის გამოცდილი რუსული მეთოდი, როცა ცდილობენ აქტიური ადამიანები შეაჩერონ როგორც 'სამართლებრივად', ისე ზონდერების დახმარებით“.

გეგუჩია და მისი ცოლი – მირანადა ჯობავა საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა მათ თავიანთი მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება დაიწყეს, მათ ერთ-ერთმა აქტივისტმა ქუჩაში მონა დაუძახა. ამ დროს გაბრაზებული დეპუტატი ჯაფარიძე ავტომობილიდან გადმოვიდა, გეგუჩიას და მისი ცოლის მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხალი აიღო და ამ მოქალაქეს ესროლა. მომდევნო დღეს, უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. პასუხად, მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“.

31 მაისს სამეგრელოში ვიტალი გეგუჩიას სახლთან მივიდნენ ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზია PosTV-ის ​ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გეგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.

ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნება: „[...] ხელის ბიჭი ხარ“, - რაზეც გუგუჩია პასუხობს: „რუსების პრობლემა იცი რა არის, საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“. ამის შემდეგ გეგუჩია ბერიძეს და მის ოპერატორს აგინებს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები