
უნგრეთმა „სუვერენიტეტის დაცვის“ ოფისი აამოქმედა, რომლის პირველი სამიზნე კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია გახდა
06/08/2024 13:14:55 მსოფლიო
უნგრეთმა „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონის მიღების შემდეგ „სუვერენიტეტის დაცვის ოფისი" აამოქმედა, რომლის პირველი სამიზნე კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია – Transparency International-ის უნგრული ფილიალი გახდა, – იუწყება AP.
- „სუვერენიტეტის დაცვის ოფისის" საქმიანობის მიზნად სახელდება "ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა უცხოური გავლენისგან".
"Transparency International-ის უნგრულმა ფილიალმა დღეს განაცხადა, რომ მიიღო ექვსგვერდიანი წერილი გამოძიების დაწყების შესახებ ახლად შექმნილი "სუვერენიტეტის დაცვის ოფისისგან", რომელიც უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ შეფასებულია, როგორც დამოუკიდებელი აზრის ჩახშობის საშუალება. მისივე ცნობით, „სუვერენიტეტის დაცვის ოფისმა", მოითხოვა ფინანსური და საოპერაციო ინფორმაცია და განაცხადა, რომ დაიწყო "კონკრეტული და ყოვლისმომცველი გამოძიება" Transparency International უნგრული ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა მას მიაჩნია, რომ „სუვერენიტეტის დაცვის ოფისი" არაკონსტიტუციურია", – იტყობინება AP.
- გამოცემის ცნობით, "სუვერენიტეტის დაცვის ოფისი" უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური მმართველი პარტიის მიერ დეკემბერში მიღებული "სუვერენიტეტის დაცვის კანონის" საფუძველზე შეიქმნა.
"ამ ოფისს აქვს უფლებამოსილება, შეაგროვოს ინფორმაცია ნებისმიერი ჯგუფის ან პირის შესახებ, რომლებიც სარგებლობენ უცხოური დაფინანსებით და გავლენას ახდენენ საჯარო დებატებზე, ხოლო უნგრეთის საიდუმლო სამსახურებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მის გამოძიებებს. მთავრობა ირწმუნება, რომ კანონმდებლობა შეიქმნა პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიებისთვის საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ოპონენტებმა ეს კანონი შეადარეს რუსეთის "უცხოელი აგენტების" კანონს და განაცხადეს, რომ ის შეიძლება, გამოყენებულ იქნას მთავრობის კრიტიკოსების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების სამიზნეში ამოსაღებად. ნებისმიერ პირს, რომელიც დამნაშავედ იქნება ცნობილი დარღვევაში, შეიძლება,მიესაჯოს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა", – წერს AP.
"Transparency International-ის უნგრულმა ფილიალმა აღნიშნა, რომ "არ არის შემთხვევითი", რომ ის "სუვერენიტეტის დაცვის ოფისის" სამიზნე გახდა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას, რომ ეს კანონი ემსახურება მთავრობის განზრახვას, დააშინოს მოქალაქეები და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი მთავრობის მიმართ, თუმცა ეს შენიღბულია, როგორც, თითქოსდა ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა. ეს კანონი ეწინააღმდეგება უნგრეთის კონსტიტუციას ისევე, როგორც ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის კორუფციას, ჩვენი საგამოძიებო, ანალიტიკური და იურიდიული სამუშაოს წარმატება და შესაძლოა, თვით ჩვენი არსებობაც კი საფრთხეს უქმნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რეჟიმს, რომელიც ხელმძღვანელობს ევროკავშირში ყველაზე კორუმპირებულ მთავრობას," - აცხადებენ ორგანიზაციაში.
AP–ს ინფორმაციით, მოგვიანებით, დღეს უნგრეთის საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოცემამ Atlatszo.hu-მ განაცხადა, რომ მანაც მიიღო წერილი "სუვერენიტეტის დაცვის ოფისისგან", რომელშიც აცნობებენ, რომ ისიც გამოძიების ობიექტია.
- "წერილში ოფისი ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ თანამშრომლობდა Atlatszo Transparency International-ის უნგრულ ფილიალთან", – იტყობინება გამოცემა.
როგორც AP წერს, "ორბანს, რომელიც თავს "ილიბერალური დემოკრატიის" ჩემპიონად მიიჩნევს, დიდი ხანია, ადანაშაულებენ მისი შიდა ოპონენტები და ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებასა და მედიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებაში".
"ევროკავშირმა გაყინა 20 მილიარდ ევროზე მეტი ($21.5 მილიარდი) ბუდაპეშტისთვის იმის გამო, რასაც ის ბლოკის კანონის უზენაესობის, კორუფციისა და დემოკრატიის სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს.
გასული წლის ბოლოს დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც გმობდნენ "სუვერენიტეტის დაცვის კანონს", როგორც ორბანის მემარჯვენე მთავრობის კრიტიკოსების გაჩუმების საშუალებას.
ევროკომისიამ, რომელიც ზედამხედველობას უწევს კანონმდებლობის გამოყენებას ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, თებერვალში დაიწყო სამართლებრივი ქმედება უნგრეთის წინააღმდეგ ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, განაცხადა რა, რომ ის "არღვევს ბლოკის კანონმდებლობის რამდენიმე დებულებას.
"Transparency International-ის უნგრულმა ფილიალმა განაცხადა, რომ საჩივარი შეიტანა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში, არგუმენტით, რომ "სუვერენიტეტის დაცვის კანონი" არღვევს სამართლებრივი დაცვის საშუალების და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას", – იუწყება AP.