გარემოს ეროვნული სააგენტო: ვაშლიჯვრში, სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა

06-08-2024 20:27:05 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლიჯვრში, სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა.

მისივე ცნობით, მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში სამშენებლო მოედნის მიმდებარედ გეოდინამიკური პირობები ადგილზე შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა.

სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია.

სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.

რაც შეეხება მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: მერია – ვაშლიჯვარზე: მუნიციპალურმა ინსპექციამ შესწავლა დაიწყო, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები