06-08-2024 20:45:55 ციტატა
„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა. ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა? დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?“,- ამის შესახებ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 5 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
"ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აქტუალიზაცია სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ "ოცნებას" სჭირდება, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა, რომ ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ მე არსად არ მინახავს და აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გაგზავნოს იმიტომ, რომ ბოლო იმედი "ოცნების" არის რომ სააკაშვილით შეაშინოს კიდევ ამომრჩეველი. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია რა მომავალი ექნება საქართველოს. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.