
მედია: უკრაინელებმა რუსეთის კურსკის ოლქში რუსი წვევამდელები დაატყვევეს
07/08/2024 07:19:41 მსოფლიო
სამშაბათს, რუსეთის კურსკის ოლქზე თავდასხმის დროს, უკრაინელმა სამხედროებმა მინიმუმ ორი რუსი წვევამდელი დაატყვევეს. შესაბამისი ვიდეოები უკრაინულ ტელეგრამ–არხებზე გამოჩნდა.
მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანის – მაქსიმ ხიმლიანინის ნათესავებმა დაადასტურა მისი ვინაობა. ვიდეოში ხიმლიანინი ამბობს, რომ ის არის კომის რესპუბლიკის მკვიდრი, 21 წლის, გასული წლის დეკემბრიდან მსახურობს რუსეთის ჯარში და გაგზავნეს საზღვრის დასაცავად ქალაქ სუჯასთან. ტყვე თავისი სამხედრო ნაწილის ნომერსაც - 488- ასახელებს.
მეორე ჯარისკაცი ამბობს, რომ ის დანიილ კოლესნიკოვია, რომელიც იმავე ნაწილში მსახურობს. არის 22 წლისა, ბელგოროდის რეგიონის მკვიდრი და რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს.
ორივე ჯარისკაცი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე რამდენიმე დღე,ა უტევენ მათი ქვედანაყოფის პოზიციებს და ამის შესახებ სამხედრო სარდლობამ იცის, მაგრამ რეალურად წვევამდელები ბედის ანაბარა დატოვა.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ცდილობდნენ კურსკის ოლქში შესვლას, „უკან – თავიანთ ტერიტორიაზე დაიხიეს, განიცადეს მძიმე დანაკარგები“, ხოლო ზოგიერთი მათგანი „ბლოკირებულია“. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ბლოგერები წერენ, რომ უკრაინელებმა სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. მათივე ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე შესულია 400–მდე უკრაინელი სამხედრო, 2 000–მდე საზღვართან არის მობილიზებული და რომ უკრაინელები განაგრძობენ წინსვლას.
6 აგვისტოს რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა საზღვრის გარღვევის მცდელობის შესახებ რუსეთის კურსკის ოლქის სუჯანისა და კორენევის რაიონებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში რუსეთის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. უკრაინულ მხარეს ამ განცხადებებზე რეაგირება არ მოუხდენია.
კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა და რამდენიმე რუსმა სამხედრო ბლოგერმა თქვეს, რომ ბრძოლა გრძელდება სუჯანისა და კორენევის სასაზღვრო რაიონებში.