
პუტინმა კიევის "მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს
07/08/2024 12:44:33 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შემოჭრა კიევის "მორიგი მაშტაბური" პროვოკაციაა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების შეჭრისა და კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების კომენტირებისა.
მისივე მტკიცებით, უკრაინული ძალები "არაშერჩევით ცეცხლს ხსნიან სხვადასხვა სახეობის, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი სახლების, სასწრაფო დახმარების მანქანების მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას "კურსკის ოლქისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა" დაავალა და იქვე აღნიშნა, რომ დღესვე გეგმავს შეხვედრას რუსეთის ძალოვანი უწყებების, კერძოდ თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელებთან.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ პუტინი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევდა.
ეს კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პუტინის პირველი საჯარო რეაგირება გახლდათ.
უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, სამი სოფელი აიღეს.
ინფორმაციას ამის შესახებ მედია, მათ შორის რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“ და უკრაინული პრესა რუსულ ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული ტელეგრამ-არხი „რიბარი“ იუწყება, უკრაინის ჯარი კურსკის ოლქში, სუჯანსკის რაიონში 6 აგვისტოს შევიდა და სასაზღვრო ზონასთან გამაგრება შეძლო.
არხის ავტორის, მიხაილ ზვინჩუკის თქმით, უკრაინელების დანაყოფმა დაიკავა სოფლები: ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. გარდა ამისა, უკრაინულ და რუსულ დანაყოფებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს კიდევ ორ სოფელში, გონჩარივკასა და ოლეშნიაში.