
"არასოდეს შევეგუებით!"– პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, ერგნეთში ჩავიდა
07/08/2024 13:12:35 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა.
ის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი ჩივილები და ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.
"ეს მეხსიერებაა, რომლის არც დავიწყება და არც შეგუება შეიძლება! კიდევ ერთხელ ვიტყვი – ეს არ არის, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით! არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს. და არა იმისთვის, რომ ომით, ძალით ...დავიბრუნოთ ტერიტორიები. ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორად, მოსახლეობის გაერთიანება იწყება ამ სოფლების [საოკუპაციო ხაზთან მდებარე] გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ",– თქვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მედიის საშუალებით დაუსვა მთავრობის წევრებს კითხვები რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებით:
"მაინტერესებს, როდის იყოს ბოლოს, როდესაც ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ჩვენი მონასტრები გინდაც აფხაზეთში, გინდაც ცხინვალში? რა კეთდება ამ მიმართულებით? რა კეთდება ქართული ენისთვის? რა კეთდება იმისთვის, რომ თუნდაც აქედან ტრანსპორტი დაინიშნოს? ეს ხომ არ არის ძნელი? ეს ხომ არ არის ისეთი ძალისხმევა, რომელიც არ შეგვიძლია? სად არის შერიგების მინისტრი? რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი? აქვე არ შემიძლია, არ შეგახსენოთ, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია "უცხო აგენტების" ფულით. მადლობა მათ!".
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
2023 წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.