
აშშ-ში დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელიც "პოლიტიკოსების მკვლელობას გეგმავდა"
07/08/2024 14:05:11 მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც ამერიკელი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი წარედგინა.
New York Times (NYT) დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ პაკისტანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში ირანში იმყოფებოდა
„ირანში დროის გატარების შემდეგ, ის პაკისტანიდან აშშ-ში გაფრინდა, რათა თავისი გეგმის განსახორციელებლად მკვლელობის დაკვეთის შემსრულებელი პირები დაექირავებინა“ - ამბობენ იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
აშშ-ის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის თქმით, პოტენციურ სამიზნეებს შორის, დიდი ალბათობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპიც იყო.
46 წლის პაკისტანელი ასიფ რაზა მერჩანტი ნიუ-იორკში 12 ივლისს დააკავეს, ერთი დღით ადრე, ვიდრე 20 წლის მეთიუ კრუქსი ტრამპს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ცეცხლსასროლი იარაღით ესროდა.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მტკიცებულება, რომელიც პენსილვანიაში მომხდარ თავდასხმასა და პაკისტანელის გეგმას შორის რაიმე კავშირს ადასტურებს, არ არსებობს. თუმცა, ამბობენ, რომ დაკავებამ მათ საშუალება მისცა, ჩაეშალათ "მასშტაბური შეთქმულება", რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების კომპიუტერებიდან კონფიდენციალური ფაილების მოპარვასა და მუსლიმური ქვეყნების მიმართ "ამერიკული მოპყრობის საწინააღმდეგო" საპროტესტო აქციების მოწყობასაც ითვალისწინებდა.
FBI-ის აგენტმა მერჩანტის ქმედებები ირანელი აგენტების ჩაშლილ შეთქმულებასაც შეადარა, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს ირანელი აგენტები ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის წევრის ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის მკვლელობას გეგმავდნენ.