
რუსეთის კურსკის ოლქის მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
07/08/2024 15:25:34 მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქის მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განუცხადა და იქვე დასძინა, რომ უკვე ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, რომელსაც ოპერატიული ვითარება მოახსენა.
"რეგიონული შტაბი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ავტობუსებითა და პირადი სატრანსპორტო საშუალებებით 200-ზე მეტი მოსახლე იქნა ევაკუირებული, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი - ჯამში რამდენიმე ათასი. კურსკის ოლქში დაშავებულთა დასახმარებლად მედიკოსები მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ. რეგიონში გაუქმებულია ყველა მასობრივი ღონისძიება" - განაცხადა სმირნოვმა.
ცნობისთვის: კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 6 აგვისტოს დაწყებული შეტევა გრძელდება. პრორუსული წყაროების ინფორმაციით, 7 აგვისტოს დილის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოლქში 11 დასახლებული პუნქტი ჰქონდათ დაკავებული და 10-11 კმ სიგანის ზოლად ოლქის სიღრმეში 15 კილომეტრით იყვნენ შეჭრილები.