Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით

08/08/2024 07:03:52 კონფლიქტები, პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე 8 აგვისტოს მივიდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ჰქონდათ.

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ.

მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს“,-განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში რუსეთის შემოჭრის 16 წლისთავს საქართველოს მეგობარი ქვეყნები 7 აგვისტოს გამოეხმაურნენ. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 აგვისტოს მიაგო პატივი. ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

აღნიშნულს სპეკულაცია უწოდა კობახიძემ:

„არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება. არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში, აღინიშნებოდა 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღი და ამ თარიღის აღნიშვნა გრძელდება ახლაც ასე. რაც შეეხება ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სპეკულაციები და არასერიოზული, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“.

7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აქცენტი დასვა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

2023 წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S