
Reuters: რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა, ვაჭრობაში ბარტერზე გადავიდნენ
08/08/2024 11:27:25 მსოფლიო
დასავლეთის სანქციებით გამოწვეული საბანკო გადახდების პრობლემების გამო რუსეთი და ჩინეთი ურთიერთვაჭრობაში შესაძლოა, ბარტერზე შემოდგომიდან გადავიდნენ, – იუწყება Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს თანამოსაუბრეების განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შეთანხმება შესაძლოა, პირველი იყოს.
გამოცემის ცნობით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ბარტერული სქემები უკვე მზად არის.
როგორც “როიტერი” აღნიშნავს, თუ ჩინეთსა და რუსეთს შორის ბარტერი ამოქმედდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში.
"მას შემდეგ, რაც ივნისში შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა მეორადი სანქციების შემოღების პარამეტრები, თითქმის შეუძლებელი გახდა ჩინეთსა და რუსეთს შორის გადახდები თუნდაც იუანში. ასეთი ტრანზაქციები ან გაყინულია ან დაგვიანებულია", – იტყობინება Bloomberg.
"კომერსანტის" ცნობით, ივლისის ბოლოს იუანში რუსეთიდან ჩინეთში გადახდების დაახლოებით 80% უკან დაბრუნდა იმის შიშით, რომ ჩინური ბანკები მეორად სანქციებს დაექვემდებარებიან.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს პეკინი იფიციალურად არ შეუერთდა, თუმცა შეზღუდვების დაწესების შემდეგ ჩინურმა ბანკებმა სანქცირებულ რუს კლიენტებთან მუშაობა შეამცირეს. მაგალითად, საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტა რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay გადახდის სისტემის ბარათებმა, რომლებიც სანქციების სიებში შედიოდა. 2023 წლის ზაფხულში Bank of China-ს მეშვეობით რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადარიცხვების აკრძალვის წინაშე აღმოჩნდნენ. მანამდე ვაშინგტონმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ აშშ მზადაა, დააწესოს სანქციები, თუკი პეკინი გააგრძელებს რუსეთის მომარაგებას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის რომელიმე მხარეს იარაღს არ აწვდის. პეკინი რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში "უკრაინის კრიზისს" უწოდებს.