08-08-2024 15:20:20 ეს საინტერესოა ,ანალიზი
მესამე დღეა, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე, სასაზღვრო კურსკის ოლქში განაგრძობენ სახმელეთო ოპერაციას, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე გვიხილავს თუნდაც ასევე სასაზღვრო ბელგოროდის ოლქის შემთხვევაში – როდესაც ხანმოკლე რეიდებს ძირითადად უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები აწყობდნენ და შემდეგ ტოვებდნენ ტერიტორიას. ამჟამად გაცილებით მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან ღონისძიებასთან გვაქვს საქმე: სპეციალისტები 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული (კრემლის მომხრე ბლოგერების მონაცემებით – 15 კმ–ზე) და რუსეთს მოცულობით ფართობზე აქვს კონტროლი დაკარგული. ISW-ის ექსპერტების დაკვირვებით, უკრაინელი სამხედროების სახმელეთო ოპერაციის ამ დროისთვის დადასტურებული მასშტაბი მიუთითებს, რომ მათ გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის, სულ მცირე, ორი ხაზი და ერთი საყრდენი პუნქტი. რუსეთის სამხედრო სარდლობას ომის მომხრე ბლოგერები მწვავედ აკრიტიკებენ, საუბრობენ საზღვრების დაუცველობაზე. ხელისუფლებას აკრიტიკებენ ადგილობრივებიც.
თავად უკრაინული მხარე კურსკში მიმდინარე მოვლენებზე (რომელიც ამ დრომდე დინამიურად ვითარდება) და ოპერაციის მიზნებზე დუმილს ინარჩუნებს, პროცესზე დამკვირვებლები კი არსებული ცნობების ანალიზის საფუძველზე რამდენიმე მიღწევად შესაძლო მიზანზე ამახვილებენ ყურადღებას.
მაგალითად რუსი ანალიტიკოსი კირილ როგოვი, რომელიც ოპერაციას „წარმატებულს და ეფექტურს“ უწოდებს, თვლის, რომ ეს დემონსტრირებაა რუსეთისთვის „ფრონტის სხვა სექტორებში რეალური საფრთხეების არსებობის თაობაზე იმ ფონზე, როდესაც ისინი კონკრეტულ მიმართულებებზე ზედმეტად არიან კონცენტრირებული, დიდი ძალები ჰყავთ მობილიზებული და წინსვლას ცდილობენ“.
ამასთან, ის მათ შორის, ბელგოროდის მაგალითზე ამბობს, რომ ამ ტიპის ოპერაციებს ძალიან დიდი სოციალური ეფექტი ახლავს თან თავად რუსეთის შიგნით.
„ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონის მაცხოვრებლების მხრიდან ამ ომისადმი დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია დანარჩენი რუსების ხედვებისგან – გაცილებით კრიტიკულად არიან ხელისუფლების მიმართ, რადგან ხელისუფლება მათ ვერ იცავს, არადა უნდა იცავდნენ, „მოსახლეობამ არ უნდა იგრძნოს ომის ის პრობლემები, რასაც განიცდიან უკრაინელები“ – ასე ფიქრობენ ბელგოროდელები და ეს წესი კი დარღვეულია. ახლა კი კიდევ ერთი რეგიონია ამგვარი სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ – მათი ხედვებიც შეიცვლება, ხედვები შეიცვლება დანარჩენ სასაზღვრო რეგიონებშიც. ეს სერიოზული საკითხია სერიოზული სოციალური ეფექტით“.
ეს კი, მისი პროგნოზით, ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს ძალების გადასროლა ამგვარი შეხების წერტილების (სადაც გარღვევის საფრთხეა) უკეთ გასამაგრებლად, სადაც „ძირითადად მესაზღვრეებს, წვევამდელებს და „როსგვარდიელებს“ უყრიდა თავს და „კვლავ წამოეჭრებათ ცოცხალი ძალის დეფიციტის საკითხი“:
„ვფიქრობ, ეს საკმარისი და მიღწევადი მიზანია“,– დარწმუნებულია ანალიტიკოსი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ საზოგადოებივი განწყობების თვალსაზრისით შედეგები უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი: „უნდა გვესმოდეს, რომ ბელგოროდში ფრონტისპირა ვითარებაა, საიდანაც ხალხი გარბის. ადამიანები თავს მიტოვებულად მიიჩნევენ. ამას ემატება კურსის რეგიონი... სხვა სასაზღვრო რეგიონებზეც იქონიებს გავლენას. ეს არის ამ ნეგატიური განწყობების დაგროვების პროცესი, რომელმაც შესაძლოა, რაღაც კონკრეტულ მომენტში მოიტანოს ცვლილებები – ასე უნდა შევხედოთ ამ პროცესს და არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ხალხი ახლავე გაცვივდება ქუჩაში და ომის დასრულებას მოითხოვს“.
უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ძალების გადასროლის მოლოდინი არ აქვს Conflict Intelligence Team-ის ხელმძღვანელ რუსლან ლევიევს, თვლის რა, რომ სამხედროებს სხვა რეგიონიდან გადაიყვანენ, მათ შორის, ბელგოროდში მობილიზებულებს, რომლებსაც უკრაინაში გასაგზავნად ამზადებდნენ. ამასთან, ზოგადად ამ ოპერაციას სკეპტიკურად უყურებს და რუსების მხრიდან ავიაციის ჩართვაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი თქმით, „უკრაინის ფრონტის ხაზზეც დიდ პრობლემებს ქმნიდა უკრაინელებისთვის“.
„დიახ, ავიაცია მუშაობდა, მაგრამ არც თუ მაინც და მაინც ეფექტურად, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქვეითი ძალებით განხორციელებული რეიდი“,– ეუბნება „აქცენტს“ საკითხის კომენტირებისას სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი და განმარტავს, რომ სულ რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინელების ოთხი მექანიზებული ბრიგადა მოქმედებს. ამასთან, რამდენიმე ბრიგადაა გადასროლილი რეზერვისთვის კურსკის მოსაზღვრე უკრაინის სუმის ოლქში:
„ისინი საკმაოდ კარგად აღჭურვილი, მაღალ დონეზე მომზადებული ქვეითები არიან, შევიდნენ დასავლური ჯავშანტექნიკით და ახორციელებენ რეიდის ოპერაციებს. მათ ზურგიდან უჭერენ მხარს – სერიოზული ლოჯისტიკური მომარაგება აქვთ, მათ მხარს უჭერენ საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, შორ მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უკრაინის ტერიტორიიდან, ასევე დრონებს იყენებენ საკმაოდ აქტიურად და ა.შ. ეს სრულფასოვანი, კარგად დაგეგმილი, კომბინირებული საარმიო ოპერაციაა.
ასეთი ოპერაციების აღსაკვეთად წვევამდელების, იგივე გადაბირებული პატიმრების, „ვაგნერელების“ [აფრიკიდან გამოწვევის შესახებ წერს რუსული მედია– რედ], თუნდაც სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება არაა საკმარისი. სრულმასშტაბიანი საარმიო ოპერაციაა საჭირო მათ წინააღმდეგ – შესაბამისად, ბევრად უფრო დიდი რუსული ძალები სჭირდებათ, რომ ეს უკრაინული დაჯგუფება განდევნონ კურსკიდან“.
შესაბამისად, ინაშვილი რეალისტურ მიზნებს შორის ხედავს:
ამრიგად, სამხედრო ექსპერტის აზრით, ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი რამდენიმე მიზნის მისაღწევად, ხოლო დანარჩენს მომდევნო დღეები გვიჩვენებს.
განახლება
უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში იმ მიზნით შეიჭრა, რომ მოსკოვთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის საკუთარი პოზიციები გააძლიეროს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
მისივე განმარტებით, პოტენციურ მოლაპარაკებებზე პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს რუსეთის მიერ ტერიტორიების, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები, რუსეთის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კი ქვეყნის მოქალაქეებს შეაშინებს და პრეზიდენტ პუტინისადმი მათ დამოკიდებულებას გააუარესებს.
"რაზე რეაგირებენ რუსები, შიშის გარდა? არაფერზე და დროა, ეს გავაცნობიეროთ. რუსეთის ხელისუფლება ნებისმიერ კომპრომისს სისსუსტედ და მის წინაშე მუხლზე ფორთვის მზადყოფნად აფასებს. მათთან მოლაპარაკებების დაწყებას აზრი მხოლოდ მაშისნ აქვს, როცა რუსები ხვდებიან, რომ ომი მათი ცენარით არ მიდის" - განაცხადა პოდოლიაკმა.
მოგვიანებით მან დაწერა ტელეგრამ-არხში, რომ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ესკალაციის მიზეზი მხოლოდ ერთია - თავად რუსული აგრესიის ფაქტი და პუტინის რეჟიმის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით სხივისი ტერიტორიების დაპყრობის მცდელობა.
იხილეთ ასევე – ვოლიდიმირ ზელენსკი: უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს შედეგებს