
მედია: გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლისთვის უკრაინის მიერ გერმანული ტანკების გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავს
08/08/2024 17:04:57 მსოფლიო
გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკუს ფაბერი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ უკრაინა გერმანიის მიერ მიწოდებულ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის Leopard 2–ის ტიპის ტანკებს რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლისთვის გამოიყენებს, – იუწყება გერმანული მედია.
"იარაღი, რომელიც უკრაინას გადაეცა, უკრაინის იარაღია. ეს ეხება ყველაფერს, მათ შორის გერმანული წარმოების Leopard 2–ის ტიპის ტანკებს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ორივე სახელმწიფოს ტერიტორია საომარი ზონაა. იარაღის გამოყენება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის დებულებებს", – აცხადებს ფაბერი.
ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ "კურსკზე უკრაინის თავდასხმა ლეგიტიმური და სამხედრო თვალსაზრისით გონივრულია".
"ვინც იწყებს აგრესიულ ომს მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, ის ასევე აქცევს საკუთარ ტერიტორიას საომარ ზონად. კურსკზე უკრაინის თავდასხმა სრულიად ლეგიტიმური და სამხედრო თვალსაზრისით გონივრულია. ის აიძულებს რუსეთს ძალები გაიყვანოს აღმოსავლეთიდან", – წერს ფაბერი სოციალურ ქსელში.