
რუსეთის ლიპეცკის ოლქში აფეთქებები იყო, დაიწყო ევაკუაცია
09/08/2024 06:03:56 მსოფლიო
რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო. თავდაპირველად ცნობა გვიან ღამით ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა გაავრცელა. დილით საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი. ლიპეცკის ოლქი რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში, მოსკოვიდან 370 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ლიპეცკი მეტალურგიული მრეწველობის და საავიაციო ცენტრად ითვლება. ქალაქის ცენტრიდან რვა კილომეტრში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომი.
გუბერნატორ არტამონოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ ენერგოობიექტიც დააზიანა, რის გამოც ქალაქ ლიპეცკის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რომელი ენერგოობიექტი, არ დაუკონკრეტებია. მისი ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე, ექვსი ადამიანი.
მოგვიანებით არტამონოვმა თქვა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ოთხი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს და ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აამოქმედეს.
ქალაქ ლიპეცკსა და ლიპეცკის ოლქში სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს. ადგილობრივმა საწარმოებმა მიიღეს მითითება, რომ თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, სამუშაო პროცესი არ განაახლონ, სანამ რეგიონში საფრთხის წითელი დონე მოქმედებს.
უკრიანული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებოდა რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვიც.
დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს 75 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 26 ბელგოროდის ოლქში, 19 - ლიპეცკის ოლქში, 7 - კურსკში, 5 - ბრიანსკში, 4 - ვორონეჟში, 1 - ორიოლის ოლქში, 5 - ყირიმის თავზე და 8 - შავი ზღვის აკვატორიაში.