
რუსეთის ლიპეცკის მახლობლად სამხედრო აეროდრომი დრონებით თავდასხმის შემდეგ იწვის
09/08/2024 07:22:02 მსოფლიო
ლიპეცკის მახლობლად, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა სამხედრო აეროდრომზე. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში განაცხადეს.
„ხანძარია მე-3 სამხედრო აეროდრომზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
Astra-ს ცნობით, თავდასხმის შემდეგ, აეროდრომზე საბრძოლო მასალის საწყობს გაუჩნდა ცეცხლი.
აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი დააფიქსირა NASA FIRMS-ის თანამგზავრებმა, რომლებიც აკონტროლებენ დედამიწის ზედაპირზე ხანძრებს. ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ ლიპეცკის საავიაციო ცენტრი, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სტრუქტურული ნაწილი, დაექვემდებარა უკრაინის თავდასხმას. ის ეწევა საბრძოლო დანაყოფების საფრენოსნო და საინჟინრო პერსონალის გადამზადებას, აგრეთვე საჰაერო სისტემების საბრძოლო გამოყენების მეთოდების შემუშავებას და დანერგვას.
რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ აეროდრომზე არსებული ყველა თვითმფრინავი გადარჩენილია. თვითმხილველთა ვიდეოში ნაჩვენებია განმეორებითი აფეთქებები და ისმის მეორადი დეტონაციის ხმა.
უკრაინამ მანამდეც სცადა თავდასხმა ამ ავიაბაზაზე. გასული წლის 17 დეკემბერს მის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები დაეცა. 2021 წლის დეკემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიპეცკის საავიაციო ცენტრმა მიიღო Su-34 ბომბდამშენების ახალი პარტია.
რეგიონის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დილის შეტყობინებაში აეროდრომზე გაჩენილი ხანძარი არ ახსენა. მან განაცხადა, რომ ლიპეცკი დრონებით მასიური თავდასხმას დაექვემდებარა. აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და გაუქმდა გასართობი ღონისძიებები.