Accentnews.ge
შაჰინი და ტერნერი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შაჰინი და ტერნერი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

10/08/2024 10:41:30 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი საქართველოში სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გამოწვევებს, რომელსაც “ქართული ოცნების” მიერ დაკანონებულ რუსულ კანონს ქნის ქვეყანაში.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებას, საქართველო იყოს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საარჩევნო პროცესებზე „რუსული კანონის“ გავლენის შესახებ და ხაზი გაესვა, რომ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მათი მხრიდან არის მაღალი ინტერესი, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ჩვენც ვისაუბრეთ უკვე არსებულ გარემოზე. ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „რუსული კანონი“, მისი ძალაში შესვლა და ამ კანონის გავლენა საარჩევნო პროცესებზე, იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაზეც მათ ისაუბრეს, იყო ის, რომ აქ არიან, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს.

„საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს; იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს „რუსული კანონი“ საქართველოს სამოქალაქო სექტორზე“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეხვედრი შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, რომელშიც ვკითხულობთ: "სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მათ შორის ამ ორგანიზაციების მუშაობის გზით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. შეხვედრისას, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის ერთგულება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერაში, რათა ყველა ქართველმა იცოდეს, რომ მათი ხმა დაითვლება და, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია".

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ (9 აგვისტოს) ეწვივნენ. გუშინვე მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, დღეს კი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S