გერმანიაში საქართველოს ელჩი: „გერმანიის მნიშვნელობა იზრდება... უმთავრესია, სრულ მზადყოფნაში ვიყოთ“

24-01-2020 13:44:10 ინტერვიუ

„აქცენტის“ ინტერვიუ გერმანიაში საქართველოს ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან:

–როგორ შეაფასებდით სადღეისოდ საქართველო–გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს?

–გერმანია სადღეისოდ საქართველოსთვის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ყველა იმ ასპექტში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისა და მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ ორი ერის ინტენსიური ურთიერთობა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საქართველოში გერმანელი კოლონისტების დასახლებიდან დაიწყო, ქართულ და გერმანულ სახელმწიფოებს შორის ხანგრძლივი, მჭიდრო კავშირი ცივი ომის დასრულებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ჩამოყალიბდა.

ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა ბოლო წლებში შეინიშნება, რაც გასულ და მიმდინარე წელს როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებით დასტურდება. 2018 წლის აგვისტოში საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია; 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო უკანასკნელი 23 წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც გერმანიის პრეზიდენტი რომან ჰერცოგი 1996 წელს იმყოფებოდა საქართველოში. გასული წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობა მიიღეს მაღალი დონის გერმანელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის - ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ბოლო ორი წლის მანძილზე მაღალი დონის ვიზიტები განხორციელდა საქართველოდან გერმანიაშიც. ფედერაციულ რესპუბლიკას სტუმრობდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

მოგეხსენებათ, გერმანია ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც 16 ფედერალური მიწისგან შედგება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ფედერალურ მთავრობასთან, არამედ ცალკეული ფედერალური მიწების მთავრობებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა, რაც ბოლო წლებია, ჩვენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, უკვე ვხედავთ, ფედერალურ მიწებთან ურთიერთობების გაღრმავება დადებითად აისახება ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკაზე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კონტექსტში. გარდა ამისა აღნიშნული მიმართულება გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ წლებში ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა გერმანული საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელმა და მის დასასრულს ფრანკფურტის წიგნის გამოფენა-ბაზრობამ, რომელმაც 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით უმასპინძლა.

გერმანიაში საქართველოსადმი ინტერესის ზრდას ადასტურებს გერმანელი ვიზიტორების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. 2019 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს გერმანიიდან 83.261 ვიზიტორი ეწვია. ევროკავშირის ქვეყნებიდან სტუმართა რიცხვი კი 2019 წელს 482.418 ერთეულს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულად გამოირჩევა გერმანიიდან საქართველოში შესული ვიზიტორების რაოდენობა, რომლის ზრდის მაჩვენებელმა 2019 წელს ყველაზე მაღალი, + 38.2% შეადგინა. სწორედ ამ დადებითი ტრენდის გათვალისწინებით დავიწყეთ მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენასთან (ITB Berlin), რათა 2022 წელს საქართველოს წარსდგეს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით. იმის გათვალისწინებით, რომ შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპზე გავედით, ვიმედოვნებთ, რომ იანვრის ბოლომდე ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, რაც დამატებით ხელს შეუწყობს გერმანიიდან და ევროპიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვის მატებასა და საქართველოს ცნობადობის გაზრდას.

2019 წლის ნოემბერში გერმანიას და საქართველოს მთავრობებს შორის ხელი მოეწერა ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში. 2020-2021 წლებში გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს გამოყოფს. 1992 წლიდან დღემდე განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიას საქართველოსთვის დაახლოებით 1,066 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.

ჩვენი მთავარი მისიაა, რომ იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა „ბრექსიტი“, პოპულიზმის ტალღა, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, დაძაბულობა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში და მნიშვნელოვანი ცვლილებები ახლო აღმოსავლეთში, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოს აქტუალობა გერმანიის საგარეო პოლიტიკისთვის. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გერმანია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კონტექსტში ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა, უაღრესად მნიშვნელოვანია მისი როლი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. აღსანიშნავია, რომ გერმანია განუხრელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ნატო–ში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერას. გერმანია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და, შესაბამისად, კიდევ უფრო გაიზრდება მისი მნიშვნელობა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არსებული პარტნიორული, სტაბილური და ნდობაზე დამყარებული ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელება, რაც ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.

– ვიცით, რომ ბერლინი თბილისისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ მიესალმებოდა, ამასთან, რიგი ამერიკელი დიპლომატების განცხადებით, 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა. და მართალია, საქართველოში გერმანიის ელჩმა ამასწინათ ეს უარყო, თუმცა დაადასტურა მერკელმა თბილისში ვიზიტისას. ამჟამად რა დამოკიდებულება აქვს გერმანიას ამ საკითხებისადმი და რა კეთდება ჩვენი მხრიდან ამ დამოკიდებულების შესაცვლელად?

– როგორც აღვნიშნე, გერმანია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. საქართველოში სტუმრობისას ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმაც აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველო ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია. გერმანია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, რაც ბუნებრივია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც აისახება, მათ შორის - ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტშიც. შესაბამისად, ქართული პერსპექტივიდან გერმანიის მნიშვნელობა იზრდება.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, კანცლერი მერკელი, ისევე როგორც, ზოგადად, გერმანია განაგრძობს ბუქარესტის სამიტის გზავნილის მხარდაჭერას, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა. კანცლერის პოზიციის მიხედვით, ამ ეტაპზე სწრაფი გაწევრიანების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რაც ცხადია, არ ნიშნავს, რომ ის ზოგადად გაწევრიანების შეუძლებლობას გულისხმობს. გერმანია მიიჩნევს, რომ იმ მომენტამდე, სანამ არ შეიქმნება ე. წ. შესაძლებლობების ფანჯარა გაწევრიანებასთან მიმართებით, ნატო–სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის და ინტეგრაციის ფარგლებში ყველა შესაძლო ინსტრუმენტის ამოწურვა უნდა მოხდეს. თუ გადავხედავთ ნატო–ს და საქართველოს თანამშრომლობას, მარტივად დავადგენთ, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, რაც აისახება როგორც თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე საერთაშორისო დონეზე, მაგალითად, ავღანეთში კოოპერაციაზე.

ამასთან, გერმანიის ხელშეწყობით, საქართველოსა და ნატო–ს შორის გაფორმდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), რაც გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე ნატო–ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს ნიშნავს და ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ ყველა პრივილეგიას გულისხმობს, კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის გარდა. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ პროაქტიულ საგარეო პოლიტიკას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე იმ მიზნით, რომ საქართველო ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო გახდეს. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც აღნიშნული გაერთიანებები დგანან. უმთავრესია, რომ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვიმყოფებოდეთ როგორც დემოკრატიული, სამართლებრივი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო და გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება მანამ, სანამ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი გახდება.

–მიმდინარე წელს იყო საუბრები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, გერმანიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაც კი მოეთხოვა. ამჟამად რა ვითარებაა ამ მიმართულებით და რა ვითარებაა კრიმინალის კუთხით?

– ამჟამად გერმანიის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით, არც თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის და არც ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული საქართველოს მოქალაქეების კუთხით, საფრთხე არ არსებობს. საქართველოს და გერმანიის შესაბამისი უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ჯერ კიდევ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე მნიშვნელოვნად გაძლიერდა თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2015 წლიდან ბერლინში საქართველოს საელჩოში მოვლენილი პოლიციის ატაშე გერმანიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის არა მხოლოდ ფედერალურ, არამედ ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან. თანამშრომლობა ხორციელდება ორგანიზებული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ნარკოტიკების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის, არალეგალური მიგრაციისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საპოლიციო განათლების კუთხით. საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურები ორმხრივ ფორმატში აქტიურად თანამშრომლობენ „ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების შესახებ“ 2014 წლის სამთავრობო შეთანხმების, გერმანიის ცალკეულ ფედერალურ მიწებთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის ფარგლებში. გერმანიის ბუნდესტაგმა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაუჭირა მხარი მთავრობის გეგმას, რომელიც საქართველოსა და სამი ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნის – ალჟირის, მაროკოსა და ტუნისის უსაფრთხო წარმოშობის სახელმწიფოებად აღიარებას ითვალისწინებს. კანონპროექტი გერმანიის პარლამენტის ფედერალურ მიწათა პალატამ – ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს, რომელიც გერმანიის 16 ფედერალური მიწის წარმომადგენლობაა. ამ ეტაპზე აღნიშნულ კანონპროექტს ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ფაქტორისა და ხმათა თანაფარდობის გათვალისწინებით ბუნდესრატი მხარს არ უჭერს. თუმცა ახლახან სამთავრობო კოალიციის წევრმა ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა წამოაყენა ინიციატივა, რომ ევროკავშირის საიმიგრაციო პრინციპების საფუძველზე მოხდეს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის კლასიფიკაციის მინიჭება, რაც შესაძლებელს გახდის ცალკეული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ბუნდესრატის გვერდის ავლით. აღსანიშნავია, რომ ინიციატივას მხარს უჭერს სამთავრობო კოალიციაში შემავალი კიდევ ერთი პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, რომელმაც ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გააჟღერა აღნიშნული იდეა. ჩემი მოლოდინია, რომ შესაბამის კანონს წელს საშემოდგომო სესიაზე მიღებენ.

–მერკელმა საქართველოში ამასწინანდელი ვიზიტისას განაცხადა, რომ რიგი პროფესიებისთვის, რომელიც გერმანიაში დეფიციტურია, მუშაობა დაიწყება საქართველოსთვის სამუშაო ქვოტების გამოყოფის მიმართულებით. რა კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით სადღეისოდ?

–გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა 2020 წლიდან ერთმნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 2020 წლის პირველი მარტიდან გერმანიაში ძალაში შევა კანონი მიგრაციის შესახებ, რომლის მიზანს გერმანიის სამუშაო ბაზრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. კანონი ითვალისწინებს ე. წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიის სამუშაო ბაზარზე წვდომის გამარტივებას. ევროკავშირის არაწევრი, ე. წ. მესამე ქვეყნებიდან გერმანიაში დასაქმების წინაპირობა გერმანიაში პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება იქნება. კვალიფიკაციის აღიარების შემთხვევაში ე. წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, იმუშავონ ნებისმიერი პროფესიით. აქამდე არსებული შეზღუდვა გარკვეულ პროფესიებზე ახალი კანონმდებლობით გაუქმებულია.

კვალიფიციურ მუშახელს ე. წ. მესამე ქვეყნებიდან გერმანიაში მაქსიმუმ 6 თვით ჩასვლისა და ადგილზე სამსახურის მოძიების უფლება ეძლევა. საჭიროა შესაბამისი კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად. მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროს სპეციალისტები შეძლებენ, დასაქმდნენ გერმანიაში კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. მათ მოეთხოვებათ მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება და დასაქმების მომენტისთვის არსებული გარკვეული შემოსავლის ჩვენება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გერმანიაში აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იძლევა შესაბამის პროფესიაში პარალელურად დასაქმების საშუალებასაც.

ამასთან, მარტივდება პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა გერმანიაში. მსურველის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, მას უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლის ატესტატი და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონეზე).

პროფესიული განათლების მიღების ან კვალიფიციური მუშახელის მიერ გერმანიაში სამუშაოს დაწყების სურვილის შემთხვევაში, მსურველებმა უნდა მიმართონ გერმანიის საკონსულოს საქართველოში, შეიტანონ განაცხადი შესაბამისი კატეგორიის ვიზაზე და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია. გერმანიის მთავრობამ შექმნა პორტალი „Make it in Germany“, რომელზეც განთავსებულია საჭირო ინფორმაცია და ვაკანსიები იმ სფეროებში, რომლებშიც კვალიფიცირებული მუშახელის დეფიციტია.

რაც შეეხება ქვოტებს, რომლებზეც ფედერალურმა კანცლერმაც ისაუბრა, ის მხოლოდ სეზონურ დასაქმებას ეხება. სეზონური დასაქმება დღესდღეობით უკვე შესაძლებელია სტუდენტებისთვის, თუმცა სეზონური დასაქმების შესახებ შეთანხმების მეშვეობით, რომელიც იანვარის ბოლომდე გაფორმდება საქართველოსა დასაქმების ხელშემწყობ სააგენტოს და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს შორის, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ სეზონურად დასაქმდნენ გერმანიაში.

შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია სოფლის მეურნეობაში დასაქმებაზე, განსაკუთრებით, იმ პერიოდებზე, როდესაც გერმანიაში სოფლის მეურნეობის გარკვეული კულტურების მოსავლის აღების დრო მოდის და გერმანული კომპანიები მოსავლის აღებისთვის საჭირო დროის მონაკვეთში (სამი თვე) მუშახელს ეძებენ. მაგალითისთვის 2020 წელს გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში კომპანიები სეზონური სამუშაოებისთვის დაახლოებით 336.000 დამატებით პირს ეძებენ. ეს რაოდენობა, ქვოტების მიხედვით, გადანაწილდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა, მოლდოვაზე, უკრაინაზე და საქართველოზე აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

–მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზად უცხოეთში ქართველების სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად დასაქმება მიაჩნია. მიმდინარეობს თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა გერმანულ მხარესთან და რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამ მიმართულებით? რა ტიპის სამუშაო შეიძლება, იყოს ეს? როგორი ანაზღაურებით და რა პირობებით?

–როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სეზონური დასაქმება ეხება სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავლის აღებას, მაგალითად სატაცურის, ვაშლის, მოცვის და ა. შ. გერმანიის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9,35 ევროს და სამუშაო პირობების მინიმალური მოთხოვნებიც კანონით არის განსაზღვრული. მაგალითად, კვირაში მინიმუმ ერთი დღე უნდა იყოს დასვენების დღე, დასაქმებულს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა და სხვ. ყველა სხვა დეტალები ნაწილობრივ შეთანხმებაში ჩაიდება და ასევე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებულ ხელშეკრულებაში განისაზღვრება.

– ბოლო პერიოდში სეპარატისტები გასაკუთრებით გააქტიურდნენ ევროპის მიმართულებით. ევროპაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევის არაერთი ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის - გერმანიაშიც. 2019 წლის 12 ნოემბერს დიმიტრი მედოევი ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატ გუნარ ლინდერმანის მიწვევით სტუმრობდა ამ ქვეყანას. რა რაეგირებას ახდენთ ამ შემთხვევაში და რა კეთდება იმისათვის, რომ მსგავსი შეხვედრების პრევენცია მოხდეს?

–ნოემბრის დასაწყისში ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში გაიმართა მრავალი საჯარო ღონისძიება. მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გერმანიაში საქართველოს საელჩო, წინასწარ მიმართავს პრევენციულ ზომებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ინსტიტუციებთან თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან კომუნიკაციის მეშვეობით. საელჩოს სხვათა შორის გუნარ ლინდემანის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა AfD-ს (Alternative für Deutschland) ხელმძღვანელობასთან ფედერალურ დონეზე და AfD-ს ფრაქციის ხელმძღვანელობასთან ბერლინის მიწის პარლამენტში. ორივე შემთხვევაში ფედერალურ დონეზე პარტიის და ბერლინის მიწის პარლამენტში ფრაქციის ხელმძღვანელობამ წერილობით დაადასტურებს, რომ პარტია, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პოლიტიკის შესაბამისად, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პარტიის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ გუნარ ლინდემანის შემთხვევაში საქმე კერძო პირის აქტივობას ეხება, რომელიც არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში, პარტიის ან ფრაქციის დავალებით არ იმყოფებოდა. შესაბამისად, დე ფაქტო მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემთხვევაშიც, ლინდემანი არ გამოხატავს AfD-ს ოფიციალურ პოზიციას და არ წარმოადგენს პარტიას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნისას, ან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას და არ აღიარებს 2019 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე. წ. არჩევნებს, რომლებსაც სწორედ გუნარ ლინდემანი ესწრებოდა „საერთაშორისო დამკვირვებლის“ სტატუსით. გუნარ ლინდემანი გამოირჩევა ერთმნიშვნელოვნად პრორუსული პოზიციებით და გარდა იმისა, რომ ხშირად სტუმრობს კრემლის მიერ ანექსირებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებს, ის მუდმივ რეჟიმში ითხოვს რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებასა და რუსეთთან ურთიერთობების დაუყონებლივ გაუმჯობესებას.

–თავის დროზე ირაკლი ალასანია მუდმივად საუბრობდა იმაზე, რომ გერმანიას გააჩნია გამოუყენებელი პოტენციალი კონფლიქტების მოგვარების კუთხით საქართველოს დასახმარებლად და საქართველოს უნდა გაეაქტიურებინა ძალისხმევა გერმანული პოტენციალის გამოსაყენებლად. კეთდება რაიმე ამ კუთხით?

–რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, გერმანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ამოქმედების დღიდან აქტიურად აკვირდება ადმინისტრაციულ საზღვართან და, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გერმანიის პარლამენტთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კანცლერის ადმინისტრაციასთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან. აღნიშნულ თემაზე ვურთიერთობთ გერმანიაში მოქმედ არასამთავრობო, ანალიტიკურ ორგანიზაციებთან თუ პოლიტიკურ ფონდებთან, რომლებიც კონფლიქტებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს იკვლევენ. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად.

–გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს აქვს კითხვა, რატომ დუმს ოფიციალური თბილისი, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშუალოდ გერმანიაში საქართველოს საელჩო? მოგეხსენებათ, გერმანულმა გამოძიებამ მკვლელობაში რუსული კვალი გამოკეთა და გარკვეული ზომებიც მიიღო. რა გეგმა აქვს საქართველოს საელჩოს, გარდა იმისა, რომ ინფორმაცია მიიღოს გერმანული მხარისგან? როგორ გეგმავს მოკლული საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვას, მით უფრო რომ მოგეხსენებათ, კრემლი მისი დისკრედიტაციით არის დაკავებული. შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინის სიტყვებს ტერორიზმთან დაკავშირებით.

როგორც ოჯახი ამბობს, ოფიციალური თბილისის დუმილი მათ აფიქრებინებს, რომ ეს რუსეთის დავალებაა; სხვადსხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეკითხებიან, რას აკეთებს თბილისი საქმესთან მიმართებაში – და პასუხი არ აქვთ. რას უპასუხებთ ხანგოშვილის ოჯახს?

–რა კითხვები აქვს ხანგოშვილის ოჯახს საელჩოს მიმართ არ ვიცი. რადგან მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ თავს ვიკავებთ კომენტარისგან. გერმანიაში საქართველოს საელჩო პირველივე დღიდან კომუნიკაციაში იმყოფებოდა გერმანიის კომპეტენტურ უწყებებთან. რადგან მათ [ხანგოშვილის ოჯახს] გერმანიაში თავშესაფარი ქონდათ მოთხოვნილი, ამიტომ საკონსულოს საკონტაქტო ნომერი და საელჩოს მზაობა გერმანიის უწყებებმა გადასცეს ხანგოშვილის მეუღლეს. მაგრამ ოჯახს საელჩოსთვის არ მოუმართავს.

ავტორი: მარი ჩუბინიძე

Новости

Другие новости