
კაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა
12/08/2024 06:54:44 სამართალი
კაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 51 წლის რევაზ მიხანაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევა სოფელ ატენში 31 ივლისს მოხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ინციდენტში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, მათ შორის იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დემეტრე რევაზაშვილი.
მოგვიანებით საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გამოიკვეთა. შსს-ს ინფორმაციით, ეს არის იოსებ ბარჯაძე - პირი, რომელმაც ატენში მომხდარის ყველა დეტალი იცის. მას ამ დრომდე ეძებენ.
9 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა:
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს.
პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".