რას ნიშნავდა ლავროვის განცხადება: მოსკოვისა და ცხინვალის ხედვები

24-01-2020 14:10:47 კონფლიქტები

ამ დღეებში რუსეთის კვლავინდებურად პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა ე.წ. წნელისის კრიზისთან დაკავშირებული განცხადება გააკეთა და ოსური მხარის მიერ სოფელ წნელისის სიახლოვეს ქართული საპოლიციო საგუშაგოს გახსნის საპასუხოდ ახალგორელების ფაქტობრივ ბლოკადაში მოქცევა “გადაჭარბებულ რეაქციად” შეაფასა. თუმცა ოფიციალური მოსკოვის პოზიციისადმი ტრადიციულად ყურადღებიანმა ცხინვალმა ლავროვის ეს განცხადება “არ შეიმჩნია”, მეტიც, ოსურ მედიას ის არც კი გამოუქვეყნებია. არადა, ეს რუსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადება იყო ე.წ. წნელისის კრიზისის დაწყების დროიდან – გასული წლის აგვისტოდან დღემდე.

სანამ რუსეთის ამ პოზიციისა და ცხინვალის მიერ მისი იგნორირების სავარაუდო მიზეზებზე გადავიდოდეთ, მოკლედ შეგახსენებთ თავად ლავროვის განცხადებას. მან, კერძოდ, ბრძანა:

“[…] ოსურ სოფელ წნელისის სიახლოვეს ქართველი ძალოვანების საგუშაგოს განთავსება მადესტაბილიზირებელ ფაქტორად იქცა. უნდა აღინიშნოს ცხინვალის გადაჭარბებული საპასუხო რეაქციაც. ორივე მხარეს თავშეკავებისკენ და სადავო საკითხების ჟენევის დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე კონსტრუქციული განხილვისკენ მოვუწოდებთ. წნელისის კრიზისი მორიგი დასტურია საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის აუცილებლობისა, რის შესახებაც მუდმივად ვსაუბრობთ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები».

რუს პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევის აზრით, “გადაჭარბებუო რეაქციაში” ლავროვი უპირველესად, გულისხმობდა ფაქტობრივ პოლიტიკურ დატყვევებას ახალგორის ოკუპირებული რაიონის მოსახლეობისა, რომელსაც ე.წ. წნელისის კრიზისთან არავითარი კავშირი არ აქვს, ამ მოვლენებში ჩართული არ ყოფილა და, შესაბამისად, არც პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს, არადა, ცხინვალის მიერ დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გამო უკვე რამდენიმე თვეა, ურთულეს ჰუმანიტარულ ვითარებაში უწევს ცხოვრება.

ამასთან, სილაევი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ლავროვის განცხადება პირველი შემთხვევაა მოსკოვისა და ცხინვალის პოზიციების დისტანცირებისა:

«ეს არ ნიშნავს, რომ მათი პოზიციები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთი თავად იღებს გადაწყვეტილებებს და თავადვეა პასუხისმგებელი, ამდენად, შესაძლებელია სიტუაციები, როცა მოსკოვი ამ გადაწყვეტილებებს სრულად არ იზიარებს, სრულად არ ეთანხმება. [ლავროვის] განცხადება შეიძლება, აღვიქვათ, როგორც მოსკოვის პოზიციონირება შუამავლად და არა რომელიმე ერთი მხარის უპირობო პროპონენტად”.

ოსი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ეწინააღმდეგება ახალგორელთა მიმართ სანქციებს, რომელიც, მისი შეფასებით, ადგილობრივებს პოლიტიკურ ტყვეებად აქცევს. ამასთან, მისი აზრით, “გადაჭარბებულ რეაქციაზე” საუბრისას სერგეი ლავროვი არა მარტო დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას, არამედ მთლიანობაში წნელისის კრიზისზე ცხინვალის რეაქციას გულისხმობდა (იგულისხმება ულტიმატუმის წაყენების მცდელობაც, “შეჭრისა” და “საზღვრისპირეთში მასშტაბური პროვოკაციებისა და დივერსიების მზადების” შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვისა და ოსური უშიშროების განცხადებებიც, ასევე შეშფოთების სხვა გამოვლინებები, რომელთა ფონზეც მოსკოვი არა “უსაფრთხოების უპირობო გარანტად” წარმოჩინდა, როგორადაც მუდმივად წარუდგენენ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, არამედ მხოლოდ უმოქმედო დამკვირვებლად):

«[რუსეთთან გაფორმებული] უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების მიხედვით, ეს რუსეთის პასუხისმგებლობის სფეროა. ჩვენ ხომ ჩვენი ჯარი ფაქტობრივად, საკუთარი ხელით გავანადგურეთ – ყველაფერი რუსეთს გადავეცით მფლობელობაში. და როდესაც წნელისი მოხდა, დღის წესრიგში დადგა საკითხი: რამდენადაა რეალურად დაცული სამხრეთ ოსეთი? საზოგადოებამ ეს საკითხი მკაფიოდ დააყენა, როდესაც საზღვრისკენ სახელმწიფო დაცვის, უშიშროებისა და სხვა ძალები წაათრიეს – ანუ ისინი, ვისაც, პრინციპში, იქ არაფერი ესაქმებოდა. და ისინი იქ სანგრებს თხრიდნენ, ყინვაში მუხლამდე წყალში მდგომნი იყინებოდნენ, როგორც 1990-იან წლებში. მოსკოვის რეაქცია კი ნული იყო. და ისევ ამოტივტივდა 2008 წლის მოგონებები, ხალხი სტრესშია: როგორ მოხდა ეს ყველაფერი? იცავენ კი საერთოდ ჩვენს საზღვრებს? დასკვნა ერთია: კითხვები უნდა დაისვას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის [რუსეთის] მიმართ.

– ფიქრობთ, პარტნიორი უკმაყოფილოა იმით, რომ ამ ვითარებაში უმოქმედოდ, გაუბედავადაც კი წარმოაჩინეს?

– ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად წყენაც კია. იქნებ მართლაც განსხვავებულად ვუყურებთ საფრთხეს? შესაძლოა, მოსკოვი ამაში საფრთხეს ვერც ხედავს, მაგრამ ოსურმა მხარემ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე განჭვრიტა. მით უფრო, რომ ისინი [ქართველი ძალოვანები] დღემდე იქ [წნელისთან] დგანან. რატომ უნდა შემოდიოდნენ ისინი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში?».

ასეა თუ ისე, ლავროვის განცხადება აღიქმება ცხინვალზე ზეწოლად, დე ფაქტო საზღვარი გახსნას და ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული ვითარება გამოასწოროს, - თანხმდებიან რუსი და ოსი დამკვირვებლები.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი სანაკოევი დარწმუნებულია, რომ “საზღვარი, ადრე თუ გვიან, გაიხსნება, უბრალოდ ცხინვალს ამ დათმობაზე წასასვლელად იმგვარი საბაბი სჭირდება, რომ საკუთარი სახის შენარჩუნება შეძლოს”.

გასული წლის აგვისტოდან დღემდე ნაკეთები ალარმისტული განცხადებების ფონზე მსგავსი დამაჯერებელი საბაბის პოვნა ცხინვალისთვის ადვილი არ იქნება, თუმცა მოსკოვის ზეწოლით დე ფაქტო საზღვრის გახსნა, როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც მოუწევს.

ამის ნიშანია დღევანდელი ნაბიჯიც:

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები