12-08-2024 14:33:35 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და კირ სტრამერი და ირანსა და მის მოკავშირეებს ისრაელზე თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
„მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შედეგად სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ ნახავს.
ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც 31 ივლისს თეირანში მოკლეს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე. ჰამასმა და ირანმა მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულეს.
30 ივლისს ისრაელის არმიამ ბეირუთის გარეუბანში დაბომბა ლიბანში მოქმედი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია "ჰეზბოლას" პოზიციები და განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია მისი ერთ-ერთი სამხედრო მეთაური ფუად შუქრი. აღნიშნულის შემდეგ "ჰეზბოლა" ისრაელს შურისძიებით დაემუქრა.
რამდენიმე დღით ადრე, 27 ივლისს ისრაელმა "ჰეზბოლა" დაადანაშაულა გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევაში, რომლის შედეგად სტადიონზე დაიღუპა 12 მოზარდი და ახალგაზრდა.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელის სამხრეთზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლობაში აღმოჩნდა. თავდასხმას მოჰყვა ისრაელის მიერ "ჰამასისთვის" ომის გამოცხადება და უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისის და დიდი მსხვერპლის გამომწვევი ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში, სადაც პალესტინური მხარის ინფორმაციით, 40 000-მდე ადამიანია დაღუპული.