12-08-2024 15:48:14 თავდაცვა ,რეკლამა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ველზე შეკრებილ მოქალაქეებს „დიდგორობა“ მიულოცა.
მან სიტყვით გამოსვლისას დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური წარმატება, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას. დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და უდიდესი რწმენის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არა მხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელიც დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლის – „ძლევაი საკვირველის“ მთავარი საფუძველი ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება იყო.
თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ "გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია".
„დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია, სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც ჩვენ შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი, ხანგრძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ცნობისთვის: 903 წლის წინ – 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორი მოიგო. საქართველოს ისტორიაში ეს დღე „ძლევაი საკვირველის“ სახელით შევიდა. ამ ბრძოლისთვის ორივე მხარე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. საბოლოოდ, 12 აგვისტოს ერთმანეთის პირისპირ დადგა ქართული ჯარი, დავით აღმაშენებლის მეთაურობით და თურქ-სელჩუკების გაერთიანებული ლაშქარი, რომელსაც გამოცდილი სარდალი ილღაზი უძღვებოდა.