
უკრაინის საგარეო – კურსკის შეტევაზე: უკრაინას არ სჭირდება რუსეთის ტერიტორია, ოპერაციის მიზანი უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის დაცვაა
13/08/2024 13:06:05 მსოფლიო
უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის კურსკის ოლქში ტერიტორიების დაკავებით, მაგრამ სურს, დაიცვას თავისი ხალხის სიცოცხლე იმით, რომ რუსეთს არ მისცეს საშუალება, დამატებითი დანაყოფები გადაისროლოს დონეცკის რეგიონში და გაართულოს ლოგისტიკა რუსეთის ჯარებისთვის, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ.
„რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, უკრაინას სხვისი არაფერი სჭირდება. უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის რეგიონში ტერიტორიების დაკავებით, ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე“, - განაცხადა ტიხიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე, იტყობინება Interfax-Ukraine.
მან აღნიშნა, რომ კურსკის რეგიონიდან მხოლოდ ზაფხულის დასაწყისიდან განხორციელდა 2 ათასზე მეტი დარტყმა უკრაინის მოსაზღვრე სუმის რეგიონზე, გამოყენებული იქნა 255 მართვადი ბომბი და 100-ზე მეტი რაკეტა.
„სამწუხაროდ, უკრაინას არ აქვს საკმარისი შესაძლებლობები იმისათვის, რომ განახორციელოს შორ მანძილზე დარტყმები იმ იარაღით, რომელიც მას აქვს ამ ტერორისგან თავის დასაცავად. ეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, ჯერ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით ეს სასაზღვრო ტერიტორიები განთავისუფლდეს რუსული სამხედრო კონტინგენტებისგან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინა კურსკის რეგიონში "შესაბამის მიზნებს" აღწევს და ამას გააგრძელებს, რადგან ეს აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის.
ტიხიმ ასევე დასძინა, რომ ოპერაცია კურსკის რეგიონში არ აძლევს საშუალებას რუსეთს დამატებითი დანაყოფები გაგზავნოს დონბასში, რაც ართულებს ლოჯისტიკას.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები არის ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალა, რომელიც სრულად შეესაბამება ომის კანონებსა და წეს-ჩვეულებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნეები მხოლოდ სამხედროა. ოპერაციის მიზანია ჩვენი ხალხის სიცოცხლის შენარჩუნება და უკრაინის ტერიტორიის დაცვა რუსეთის ფედერაციის თავდასხმებისგან“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ის ასევე გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსებმა შესალოა დაარღვიონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და გადააბრალონ ეს უკრაინულ ძალებს:
„ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს პარტნიორებს, მოემზადონ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და თუ იქნება ასეთი მცდელობები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, სიფხიზლე გამოიჩინონ და არ დაექვემდებარონ რუსულ პროპაგანდას“, - განაცხადა ტიხიმ.