
Spiegel: გერმანიაში იძიებენ ბუნდესვერის წინააღმდეგ სავარაუდო დივერსიას
14/08/2024 11:21:50 ევროპა
გერმანიამ ოთხშაბათს დაკეტა სამხედრო ყაზარმები კიოლნის მახლობლად დივერსიაზე ეჭვის გამო – საუბარია სასმელი წყლის დაბინძურებაზე. იტყობინება გერმანული გამოცემა Spiegel.
პოლიცია, სამხედრო პოლიცია და ბუნდესვერის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახური იძიებენ ბუნდესვერის წინააღმდეგ სავარაუდო დივერსიას.
შიდა კომუნიკაციისას ჯარისკაცებს და სამოქალაქო პერსონალს მოუწოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ დალიონ სასმელი წყალი. ამჟამად სამხედროებს ბაზაზე აღარ უშვებენ.
კიოლნის მახლობლად ყაზარმებში განთავსებულია რამდენიმე სამეთაურო პუნქტი, ასევე ბუნდესვერის სამხედრო და სამოქალაქო განყოფილებები. აქვე განლაგებულია თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებიც.
ჯამში ბაზაზე 4 300 სამხედრო და 1200 სამოქალაქო პირი საქმიანობს.
ყაზარმას აქვს საკუთარი წყალმომარაგების სისტემა. ბუნდესვერის სამხედრო პოლიციამ შენობა ოთხშაბათს დილით დაათვალიერა. გალავნის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხვრელი აღმოაჩინეს.
ბუნდესვერის ტერიტორიული სარდლობის შიდა ბრძანება სთხოვს ჯარისკაცებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყაზარმებში რჩებიან, ყურადღება მიაქციონ „უცნობ პირებს“ და მოახსენონ „ნებისმიერი საეჭვო ქცევა“. ეს, გამოცემის ცნობით, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება ტერიტორიაზე ეძებს შესაძლო ბოროტმოქმედებს.
შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ ყაზარმები დაკეტილი დარჩება შემდგომ შეტყობინებამდე.