14-08-2024 16:10:02 ევროპა ,ეს საინტერესოა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების ზონაში ბრიტანული Brit Alliance–ის წარმოების 30-ზე მეტი რობოტი ძაღლი აამოქმედეს,– ამის შესახებ Bild-ს კომპანიის ხელმძღვანელმა კაილ ტორბერნმა უამბო.
საუბარია კომპაქტურ სახმელეთო დრონზე, რომელიც ოთხ ფეხზე დგას და რომელსაც აკონტროლებს ოპერატორი. მათ შეუძლიათ შეაღწიონ ისეთ ადგილებში, სადაც საჰაერო დრონები ვერ აღწევენ, როგორიცაა შენობები ან სანგრები. რობოტ ძაღლებს იყენებენ გარემოს დასათვალიერებლად, ნაღმების აღმოსაჩენად და მტრის გადაადგილების დასაზვერავად. ეს სახიფათო ოპერაციების ჯარისკაცებისთვის მინიმალური რისკით ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
BAD.2 რობოტ ძაღლებს შეუძლიათ, განავითარონ 15 კმ/სთ-მდე სიჩქარე, ატარონ 8 კგ ტვირთი და იმუშაონ ოპერატორიდან 3,5 კმ-ის რადიუსში ხუთი საათის განმავლობაში. ამავდროულად, მათი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია, გერმანული კომპანიის Concamo-ს შენიღბვის წყალობით, რომელიც იმუნურია თერმული გამოსახულების მიმართ. ერთი რობოტის ღირებულება 4000-დან 8000 ევრომდე მერყეობს, მოდიფიკაციის მიხედვით.
ტორბერნის თქმით, BAD.2 მოდელმა უკვე აჩვენა თავისი ეფექტურობა ფრონტზე:
„შედეგები გასაოცარია. ჩვენი რობოტი ძაღლები ასრულებენ სადაზვერვო მისიებს ფრონტის ხაზზე, ამცირებენ რისკს ჯარისკაცებისთვის. ეს არა მხოლოდ ზრდის საბრძოლო მოქმედებების ეფექტურობას, არამედ აძლიერებს ჯარის მორალურ განწყობას“, - აღნიშნა მან.
რობოტი ძაღლები პირველებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა გამოსცადეს, რომლებიც ტორეცკის მიმართულებით მოქმედებენ. მათ განაცხადეს, რომ მოდელი მათი საჭიროებების შესაბამისად გააუმჯობესეს.
„ახლა გარკვეულ ნიუანსებს ვაზუსტებთ, დავასრულებთ და ძაღლი გამოყენებული იქნება მრავალფუნქციურ იარაღად“, - თქვა სამხედრო მოსამსახურემ მეტსახელად, „კურტი“.
მან დასძინა, რომ სახმელეთო დრონებს შეუძლიათ 3,5 მეტრი წამში სიჩქარით გადაადგილება, რაც მათ ფრონტის ხაზზე უსწრაფესად აქცევთ.
„ფაქტობრივად, რობოტი ძაღლების რამდენიმე მოდელი არსებობს. არის ისეთებიც, რომლებსაც შეუძლიათ წყალქვეშ გადაადგილებაც კი. მათ აქვთ IP–დაცვა, შეიძლება აღიჭურვონ ან ღამის ხედვის კამერით ან თერმოგამოსახულებით, რათა მათი დისტანციურად მართვა ღამითაც იყოს შესაძლებელი“, - თქვა სვეტლან მოლოდჩენკომ, Unitree დისტრიბუტორის წარმომადგენელმა უკრაინაში.
მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ იარაღი გახდეს უფრო ავტონომიური, რათა მებრძოლმა შეძლოს კონკრეტული დავალების მიცემა, შემდეგ კი რობოტმა თავისით იმოქმედოს.