
მედია: უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში თავდაცვითი ხაზების მშენებლობა დაიწყეს
14/08/2024 13:19:19 მსოფლიო
კურსკის რეგიონში მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავების შემდეგ უკრაინულმა შენაერთებმა იქ გამაგრება დაიწყეს,– წერს The Economist. გამოცემა აღნიშნავს, რომ რაც უფრო წინ მიიწევენ, უკრაინელებს უფრო გაუჭირდებათ ჯარის მომარაგება და დაცვა, ამიტომ მათ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდაცვითი ხაზების მომზადება დაიწყეს.
საინჟინრო ჯარები უკვე შეიყვანეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, საველე საავადმყოფოები და სამზარეულოები, საწვავის და სარემონტო ბაზები განლაგებულია საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, განუცხადა The Economist-ს უკრაინის გენერალურ შტაბში წყარომ.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტები სამშაბათ იმყოფებოდნენ საზღვართან და ნახეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არა მხოლოდ ტანკები და ჯავშანტექნიკა შედიოდა, არამედ სატვირთო მანქანები, რომლებიც დატვირთული იყო სანგრებისა და ბუნკერებისა მოსამზადებად საჭირო მასალებით.
მზადებას ადასტურებენ z-სამხედრო ბლოგერები (ომის მხარდამჭერი).
”მოწინააღმდეგემ დაიწყო ფორტიფიკაციების მშენებლობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის რეგიონში,” - წერდა იური კოტენოკი რამდენიმე დღის წინ.
მისი ინფორმაციით, ქალაქ სუჯას რაიონში, რომელიც საზღვრიდან 9 კმ-ში მდებარეობს, განლაგდა "საყრდენი პუნქტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მცირე ჯგუფებისთვის 2-3 ერთეული ჯავშანტექნიკით“. იმ დროს ჯერ კიდევ ბრძოლები მიმდინარეობდა სუჯასთვის, ახლა ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.
უკრაინულმა მედიამ ტელემარათონით გადასცა სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქში დღეს შეუშვეს უკრაინელი ჟურნალისტები და შეიტანეს ჰუმანიტარული დახმარება.
მათი ცნობით, ქალაქში მოსახლეობის ნაწილი რჩება, რომლებიც ბრძოლებისას თავს სარდაფებს აფარებდნენ, შემდეგ კი გამოსვლის ეშინოდათ რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის მოლოდინში.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ქალაქში იმყოფებიან ბავშვები, მათ შორის მცირეწლოვნები. ადამიანები ყვებიან, რომ ევაკუაციის შესახებ არ გააფრთხილეს და არც საკვების მარაგი ჰქონდათ.