Accentnews.ge
ადვოკატები: ქუთაისში #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს

ადვოკატები: ქუთაისში #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს

14/08/2024 13:32:05 საზოგადოება

ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატები ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე მსჯავრდებული თბილისში, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

"ჩემი ერთ-ერთი პატიმარი მოიწამლა. არ ვიცი რის ბრალია, მაგრამ ვიცი, რომ ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან, რაღაცა ვირუსი არის", – ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა.

„ქუთაისის #2 დაწესებულებაში ენტეროვირუსით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან „ვივამედში“. ჩემი ინფორმაციით, 15 პატიმარია გადაყვანილი, თუმცა არ გამოვრიცხავ მეტი იყოს. სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ჯგუფებით“, - აცხადებს ადვოკატი სოფიო ბონდარენკო.

ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და იუსტიციის სამინისტროსგან ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვენ.

მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ", -ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S