
უკრაინის ხელისუფლება კურსკის რეგიონში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას გეგმავს
14/08/2024 13:56:28 მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები კურსკის რეგიონში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა ვითარდება, „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას გეგმავენ.
ვერეშჩუკის თანახმად, რომელსაც უკრაინული მედია ციტირებს, "უსაფრთხოების ზონა" გულისხმობს ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩატარებას ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეშვებას.
უკრაინული ტელემარათონის ეთერში გასულ სიუჟეტში,TNS–ს კორესპონდენტი ნატალია ნაგორნაია, რომელიც სუჯაში იმყოფება, ამბობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში ჟურნალისტები შეუშვეს და და ჰუმანიტარული დახმარება მიიტანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის მოახსენა, რომ სუჯაში რუსული ჯარებისგან გაიწმინდა.
სიუჟეტში ნაჩვენებია, თუ როგორ ხსნიან უკრაინელი ჯარისკაცები სუჯაში მდებარე სახელმწიფო შენობიდან რუსეთის დროშას. კორესპონდენტმა აჩვენა ერთი რუსული დროშა, რომელიც, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის მუზეუმში გადაეცემა.
მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი რჩება სუჯაში, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დასრულებას სარდაფებში ელოდნენ, შემდეგ კი რუსული დაბომბვის ეშინოდათ. „ერთ სარდაფში შევხვდით 13-14 წლის მოზარდებს, მაგრამ ყველაზე პატარა ბავშვი, რომლის შესახებაც ვიცით, 1 წლისაა, ანასტასია ჰქვია“, - თქვა ნაგორნაიამ.
„ადამიანებმა, რომლებსაც შევხვდით, თქვეს, რომ არ გააფრთხილეს ევაკუაციის საჭიროების შესახებ, არ გაიყვანეს ქალაქიდან...კრიტიკულად მცირე საკვები ჰქონდათ დარჩენილი, მაგრამ დღეს სიტუაცია სწორედ იმიტომ შეიცვალა, რომ ჰუმანიტარული დახმარება მოვიდა“, - ამბობს კორესპონდენტი.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა სუჯაში სასმელი წყალი და საკვები მიიტანეს.