
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: დასავლეთის რეაქცია კურსკში უკრაინელების ოპერაციაზე საღი აზრის გამარჯვებაა
15/08/2024 07:30:11 მსოფლიო
ის, რომ დასავლელი პოლიტიკოსები აღარ საუბრობენ „წითელ ხაზებზე“, როდესაც რეაგირებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციაზე რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, შეიძლება ჩაითვალოს საღი აზრის გამარჯვებად, ამბობს ლიტუვის თავდაცვის მინისტრი ლაურინას კასციუნასი.
”კარგია, რომ როდესაც უკრაინამ დაიწყო ეს ოპერაცია ჩრდილოეთში, ჩვენ არ გვსმენია დასავლეთისგან "წითელი ხაზების" გადაკვეთის შესახებ […] ნათლად იყო ნათქვამი, რომ უკრაინას შეუძლია მსგავსი ოპერაციების ჩატარება, როგორც მისი თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილის. ეს კარგია, ეს არის კარგი ამბავი და საღი აზრის გამარჯვება“, - განუცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვურ LRT ოთხშაბათს უკრაინაში ვიზიტის დროს.
კასციუნასის თქმით, ახლა უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა გადადგან შემდეგი ლოგიკური ნაბიჯები და, პირველ რიგში, მისცენ უკრაინას საკმარისი შორი მანძილის იარაღი და მეორე – დაუშვან მათი გამოყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეების წინააღმდეგ.
„უკრაინელებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ მათ შეუძლიათ ასეთი ქმედებების განხორციელება, რომ შეუძლიათ კონტრშეტევა, მანევრირება. ახლა, ვფიქრობ, იმ ხმებს, რომლებიც ამბობდნენ, "არა, შეუძლებელია რუსეთის დამარცხება" და ა.შ. დროა, ხმა გაიკმინდონ და გააკეთონ ის, რასაც ჩვენ, ლიეტუვა ვაკეთებთ: გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, მივცეთ იარაღი, რომლითაც ისინი არა მხოლოდ თავს დაიცავენ, თავისას დაიბრუნებენ",– თქვა მინისტრმა.
ლიეტუველი მინისტრის თქმით, კურსკის რეგიონში ოპერაცია ასევე დამცირებაა რუსეთის პრეზიდენტისთვის: „ეს აშკარად, სიტუაციის გათანაბრების მცდელობაა, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ამას რეალურად შეხედავთ, ეს აშკარა დამცირებაა ვლადიმირ პუტინისთვის“.
უკრაინელებისთვის, კასციუნასის თქმით, ამ ოპერაციის აშკარა ეფექტი მორალური განწყობის ამაღლებაა.
როგორი იქნება შედეგები „მიწაზე“, კასციუნასისთვის არც ისე აშკარაა. ის აღიარებს, რომ უკრაინულ ჯარს გაუჭირდებათ კურსკის რეგიონში ტერიტორიის დიდი ხნის განმავლობაში დაკავება, მაგრამ ამავე დროს, ვარაუდობს, რომ ოპერაციის შედეგები გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებებში - როდესაც და თუ დაიწყება ამაზე საუბარი.