გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა

25-01-2020 11:46:28 საზოგადოება ,რეკლამა

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. დღეიდან, სოფელ სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს. ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ სავალან მირზოევთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერ რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად გახსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ამ დრომდე, გარდაბნის სასწრაფო დახმარების სართიჭალის პერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული პირობები არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები