თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიკოსთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა

25-01-2020 23:21:28 საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიკოსთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც დისტანციური თერმომეტრის საშუალებით ჩამოფრენილ მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკრინინგს უტარებს. კერძოდ, მედიკოსები თერმომეტრის შუბლზე დამიზნებით იგებენ მგზავრის ტემპერატურას. თუ ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს, ის რისკჯგუფში შემავალ პირად ჩაითვლება და მას ეპიდემიოლოგთან გადაამისამართებენ. ტემპერატურის გაზომვის გარდა, მგზავრებთან ხდება გასაუბრება იმის შესახებ, ხომ არ ჰქონდათ კავშირი რისკჯგუფში შემავალ პირთან.

მედიკოსებმა დოჰა-თბილისის რეისის მგზავრი ჩინეთის მოქალაქეები შეამოწმეს, რომელთაგან კორონავირუსის სიმპტომები არც ერთს არ აღმოაჩნდა.

როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, ძირითადად ხდება ჩინეთიდან პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისების მგზავრების შემოწმება. თუმცა, მედიკოსების სამიზნე შესაძლოა, სხვა ქვეყნიდან მომავალი პირებიც გახდნენ. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ გრძნობს კონკრეტული მგზავრი თავს, ან სად იმყოფებოდა ის ბოლო დღეების განმავლობაში და ხომ არ ჰქონდა კავშირი რისკჯგუფში შემავალ პირთან.

ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს სპეციალური ბუკლეტები ურიგდებათ, რომელზეც კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი რეკომენდაციებია დატანებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები