პატრუშევის მტკიცებით, "სააკაშვილის 2008 წლის სამხედრო ავანტიურა ამერიკელების მიერ იყო ორგანიზებული"
16/08/2024 07:46:12 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს მმართველი პარტიისა და პუტინის ხელისუფლების სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული გზავნილები ერთმანეთს კვლავ ძალიან ჰგავს. თემა ამჯერად საქართველოს წინაამდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიაა.
"2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა აშშ-ის მიერ იყო ორგანიზებული" - განაცხადა რუსულ "იზვესტიასთან" ინტერვიუში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ხოლო ამჟამად - პრეზიდენტის თანაშემწემ და რუსეთის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარემ ნიკოლაი პატრუშევმა.
თავად ტოტალურ სიცრუეზე, პროვოკაციებსა და მეზობლების შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზე მდგომი პუტინის ხელისუფლება ამ ყველაფერში დასავლეთს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ საქართველომ ტერიტორიები არა რუსული აგრესიის, არამედ სწორედ დასავლეთის გამო დაკარგა.
"სიცრუე და პროვოკაციები - ეს ვაშინგტონისა და მთლიანობაში დასავლეთის პოლიტიკის ჩვეული მეგზურებია. სწორედ მათი ორგანიზებული იყო 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა, არადა, ირწმუნებოდნენ, რომ მასთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. საქართველოს საქმეებში აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ მოიტანა ქვეყნის შემადგენლობიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასვლა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავისი ტაჯვით ამერიკელების ქმედებებს უნდა უმადლოდეს" - განაცხადა პატრუშევმა.
რუსი ჩინოსნის ეს სიტყვები ეხმიანება "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო დღეების განცხადებებს, თითქოს "2008 წელს სააკაშვილის ავანტიურული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან კარნახისა და კარგად ორგანიზებული ღალატის შედეგი იყო".
ორიოდ დღის წინ "ოცნების" წევრთა ამ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ განცხადებებს გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი ციტირებდა კრემლის ცნობილ პროპაგანდისტებთან ერთად.
რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, ცდილობს იმ სიცრუის ტირაჟირებას, თითქოს როგორც საქართველოსთან 2008 წლის, ისე ამჟამად უკრაინასთან მიმდინარე ომში დამნაშავე არა კრემლის იმპერიალისტური ზრახვების რელიზატორები, არამედ დასავლეთია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზეც გაიმეორა, რომ „საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის საპასუხოდ რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა აგრესორისთვის მშვიდობის იძულებისა“ და იქვე დაამატა, რომ "დასავლეთი დღემდე საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას“.
არადა, ის ფაქტი, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება საქართველოში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ბევრად ადრე - 2006-2007 წ.წ. დაიწყო, 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას თავად პრეზიდენტ პუტინს საჯაროდ აქვს დადასტურებული:
"იყო გეგმა და ჩემი აზრით, ეს საიდუმლო არ არის. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. ამაზე ადრე საჯაროდ უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა სადღაც 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცდა ჩემთან შეთანხმებით. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში განხორციელდა სამხრეთ ოსეთის აჯანყებულთა წვრთნაც. მართალია, ჩვენი სამხედრო ექსპერტები, გულახდილად რომ ვთქვა, მიიჩნევდნენ, რომ ეს უსარგებლო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ აჯანყებულები დამარცხდებოდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან - თუნდაც ისეთ პატარა სახელმწიფოსთან, როგორიც საქართველოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ძალიან გაბედულად იცავდა სამშობლოს. სამივე დღე, სანამ რუსული არმია მიუახლოვდათ, ფაქტობრივად, მათ და ჩვენმა სამშვიდობოებმა შეაკავეს ქართული ფორმირებების ზეწოლა. ასე რომ, მათ თავიანთი როლი ითამაშეს... ამ გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკაც - ეს საიდუმლო არ არის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ".
საქართველოში შეჭრის გეგმის ომამდე ბევრად ადრე არსებობის ფაქტი საჯაროდ აქვს დადასტურებული იური ბალუევსკისაც, რომელიც 2008 წლის 3 ივნისამდე რუსული გენშტაბის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. უკვე ომის შემდეგ, 2012 წლის რუსულ დოკუმენტურ ფილმში "დაკარგული დღე" ბალუევსკიმ თქვა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმის რეალიზების დაწყება პუტინმა ჯერ კიდევ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციამდე (2008 წლის მაისი) გადაწყვიტა - და სამხედრო შენაერთების მეთაურებს წინასწარ გაეგზავნათ კონკრეტული ბრძანებები.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დასრულდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც (ICC), სადაც ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.