
რუსეთში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს "პოლიციელზე თავდასხმის" ბრალდებით
16/08/2024 08:03:55 მსოფლიო
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე ჯოზეფ თატერი 14 ოქტომბრამდე დააპატიმრა ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობის ბრალდებით. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელისთვის, როგორც ამტკიცებენ, მხრის არეში დარტყმისთვის.
არსებული ცნობებით, 12 აგვისტოს თატერს უარი უთხრეს მოსკოვის სასტუმროში შეშვებაზე მიგრაციის ბარათის არქონის მიზეზით. შეკამათების შემდეგ ის სასტუმროში გამოძახებულმა პოლიციელებმა დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ განყოფილებაში დაარტყა მან პოლიციელს.
მას ჯერ ხულიგნობის ბრალდება წარუდგინეს, შემდეგ პოლიციელზე ძალადობა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, არ იმოგზაურონ რუსეთში. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა იცის რუსეთში კიდევ ერთი ამერიკელის დაკავების შესახებ.
მანამდე ცნობილი გახდა რომ რუსეთ–აშშ–ის მოქალაქეს 12 წელი მიუსაჯეს უკრაინულ ფონდში თანხის გადარიცხვისთვის.