დააკავეს კლუბის მენეჯერი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეს 31 000 ლარი მუქარით გადაახდევინა

26-01-2020 21:04:55 სამართალი

შსს-მ დააკავა კლუბის მენეჯერი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეს იძულების მუქარით 31 000 ლარი გადაახდევინა, ფიზიკური დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი მისი საკრედიტო ბარათიდან თანხა მოხსნა.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია გ.მ. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში მდებარე ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერია, ამავე კლუბში მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა - 31 000 ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

შედეგად, ინდოეთის მოქალაქემ, ს.ს.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ს.ს.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კლუბში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული საბანკო ბარათებიდან თანხის ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მიითვისა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი, 360-ე მუხლის მე-2 და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

Новости

Другие новости