
25 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობის საქმეზე მეორე ბრალდებულიც დამნაშავედ ცნეს და 17– წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
16/08/2024 10:05:00 სამართალი
საქართველოს პროკურატურის ინფორმაცით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში 2023 წლის 18 იანვარს მოხდა. ორმა პირმა 25 წლის გიორგი მირზაშვილს ბლაგვი საგნით ჭრილობები მიაყენა და მისი ცხედარი ჭაში დამარხა. ცხედარი 2023 წლის 25 მაისს იპოვეს.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ.
"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს. დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით, თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.