
ზელენსკიმ რადაში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი წარადგინა
16/08/2024 10:41:00 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტების პაკეტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, – იუწყება უკრაინული მედია.
უკრაინამ ამ სტატუტს ხელი მოაწერა 2000 წლის იანვარში, მაგრამ იგი რატიფიცირებული არ არის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ირინა მუდრას ცნობით, "რატიფიკაცია გაზრდის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის ეფექტიანობას უკრაინის მიმართ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების დანაშაულის სამართლებრივი დევნა მოხდეს.“
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება - ან რომის სტატუტი - ხელშეკრულებაა, რომელმაც დააარსა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). ის რომში მიიღეს 1998 წლის 17 ივლისს და ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისს.
2024 წლისთვის სტატუტს ხელი 137 სახელმწიფომ მოაწერა. ის რატიფიცირებულია 124 ქვეყნის მიერ. რუსეთმა აშშ-ის მსგავსად ხელი მოაწერა სტატუტს, მაგრამ შემდეგ უკან წაიღო ხელმოწერა.