
საკონსტიტუციოს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ ჟურნალისტებმაც მიმართეს
16/08/2024 11:40:56 სამართალი, საზოგადოება
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში რიგით მეოთხე სარჩელი შევიდა. სასამართლოს დღეს ჟურნალისტებმა გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა მიმართეს, – იუწყება " მთავარი არხი".
"ჩვენი წყაროები ხდებიან აბსოლუტურად დაუცველები. მაუზერიან კაცებს, როგორც ეს 37 წელს ხდებოდა, შეუძლიათ, ვიღაცის დასმენის საბაბით შემოვიდნენ უკვე 3 სექტემბრიდან ჩვენს ორგანიზაციებში და არამხოლოდ ორგანიზაციისგან, არამედ ჩვენთან დასაქმებული, ან ყოფილი თანამშრომლებისგან ამოიღონ განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონალური ინფორმაცია. ამ სარჩელში უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია საგამოძიებო მედიაზე. ვითხოვთ, რომ გაუქმდეს რუსული კანონის მთელი რიგი მუხლები, თუმცა ვიდრე საკონსტიტუციო არსებით გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საქმეზე, ვითხოვთ, რომ შეჩერდეს ამ კანონის მთელი რიგი მუხლების მოქმედება", - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
მანამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს პრეზიდენტმა, ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.