
ხარიშინი: უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სადღეისოდ რუსეთის დანაკარგი, მათ შორის თითქმის 600 ათას ჯარისკაცს შეადგენს
19/08/2024 10:03:04 პოლიტიკა, მსოფლიო
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის განცხადებით, "უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სადღეისოდ რუსეთის დანაკარგი, მათ შორის თითქმის 600 ათასს ჯარისკაცს შეადგენს". ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
"ზოგადად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგი, დღეის მონაცემებით, თითქმის 600 ათასს შეადგენს. ეს შეუქცევადი დანაკარგებია, მოკლულებზეა საუბარი.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკულად ყველა დაზვერვა რუსების დანაკარგთან დაკავშირებით ასახელებს შემდეგ რიცხვს - ნახევარ მილიონზე მეტი. გაამრავლეთ ეს რიცხვი კლასიკურ სამზე და გეცოდინებათ რუსეთის როგორც შეუქცევადი, ისე სანიტარული დანაკარგების მინიმალური რაოდენობა. ეს კოლოსალური რიცხვია.
უკრაინულმა ჯარმა გააქარწყლა მითი შავი ზღვის ფლოტის უძლეველობის შესახებ. დღეს რუსული ფლოტი იძულებულია თავისი ხომალდები გადაიყვანოს ნოვოროსიისკში და, სამწუხაროდ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, თავის ბაზაზე ოჩამჩირეში საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინამ სამუდამოდ დაასამარა რუსული წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“, რომელიც ჩაიძირა კრეისერი „მოსკვას“ და რუსეთის ფედერაციის კიდევ 28 ხომალდის კვალდაკვალ. ეს არ იყო უბრალოდ წყალქვეშა ნავი, ეს იყო წყალქვეშა ნავი, რომელიც იყო ფრთოსანი რაკეტების „კალიბრის“ მატარებელი. უკრაინამ ამგვარად დაიცვა უკრაინის სამხრეთი, უპირველეს ყოვლისა ოდესა, რუსეთის მხრიდან შესაბამისი სარაკეტო დარტყმებისგან.
ეს ყველაფერი მოხდა თან იმ პირობებში, რომ რუსეთისა და უკრაინის პოტენციალი შეუფარდებელია. რუსეთის მხოლოდ სამობილიზაციო პოტენციალი სამჯერ აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთმა ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან, ყოფილი ვარშავის ბლოკიდან საბჭოური იარაღის ძალიან დიდი რაოდენობის აკუმულირება მოახდინა. უკრაინელების ძალისხმევით ამ იარაღის დიდი ნაწილი ახლა ჯართშია. ასე რომ, შეიძლება მომავალში მშვიდობიანი მიზნებით იქნას გამოყენებული. მე დავასახელე ცოცხალი ძალის დანაკარგები. თუკი ტანკების თვალსაზრისით დანაკარგებს განვიხილავთ, რუსეთმა უკვე დაახლოებით 8 500 ტანკი დაკარგა. ომამდე ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთს 12 000 ტანკი ჰყავდა, ანუ რუსეთმა შეიარაღების სამი მეოთხედი დაკარგა. მან არა მხოლოდ თანამადროვე ტექნიკა და შეიარაღება დაკარგა, არამედ ძველი და მოძველებულიც კი. თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს, შეიძლება მოწმეები გავხდეთ, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T2-ს ტიპის ტანკებით იომებს.
ამიტომ, რა თქმა უნდა, იმის შესახებ საუბარი, აქვს თუ არა უკრაინას შესაძლებლობა გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები, ჩემი მხრიდან არც ისე კორექტული იქნებოდა. ალბათ, უფრო კორექტული იქნება დაისვას კითხვა - რა პირობებში შეძლებს უკრაინა დააჩქაროს თავისი ტერიტორიების რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება.
მე აქ ამ სიტყვებით გაგცემდით პასუხს: მთელი დასავლური, დემოკრატიული სამყაროს ერთიანობისა პირობებში, იმის გააზრების პირობებში, რომ მხოლოდ ერთიანობა და ერთობა არის უკრაინაში წარმატებული ოპერაციებისა და უკრაინის გამარჯვების საწინდარი. იმ პირობებში, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ყველანაირი ცრუ წარმოდგენა, გაფრთხილება, შიში განზე გადაიდება იმის თაობაზე, რომ უკრაინის გამარჯვებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის უკონტროლო დაშლა, რომ გაჩნდება ახალი უკონტროლო სახელმწიფოები, ახალი სტრატეგიული კონკურენტები, რომ ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგები ექნება რეგიონალურ და მსოფლიო უსაფრთხოებაზე და, რა თქმა უნდა, დროული და თანამედროვე შეიარაღებისა და იარაღის მიწოდების პირობებში უკრაინული ჯარისთვის, უკრაინის თავდაცვითი ძალებისთვის, მათი შესაძლებლობებისა და იმ სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, რომელსაც ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა და, რა თქმა უნდა, როგორც რეგიონალური, ისე მსოფლიო უსაფრთხოების გარანტიების ქმედითი მექანიზმის პირობებში, რომელიც შემდგომში შეუძლებელს გახდის არაპროვოცირებულ ასეთ ომებს და ომის წარმოების არაადამიანურ ფორმებსა და მეთოდებს", – განაცხადა მან.