
უკრაინა: რუსეთმა კიევს დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტია, ყველა სამიზნე ჩამოვაგდეთ
20/08/2024 06:11:23 მსოფლიო
გასულ ღამეს და დილის საათებში რუსულმა ძალებმა კიევს დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო ავრცელებს.
მისი თქმით, ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს და მსხვერპლი არ ყოფილა.
„ღამით დამპყრობლები თავს დაესხნენ დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონები გაანადგურა საჰაერო თავდაცვამ). დღეს დილით გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ფრთოსანი რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო", - წერს იგი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს იყო 41-ე საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება კიევისთვის და მეხუთე სარაკეტო შეტევა აგვისტოს დასაწყისიდან.
„წინასწარი ინფორმაციით, მტერი უკრაინის დედაქალაქს ჩრდილოეთიდან, სავარაუდოდ ისკანდერ-K ფრთოსანი რაკეტებით უტევდა. ეს იყო მეხუთე სარაკეტო თავდასხმა კიევზე ამ თვეში. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს რაკეტები ქალაქის მისადგომებთან“, - დასძინა პოპკომ.